დაკავებული რეპერის, გიორგი ქებურიას დედის, ლელა რეხვიაშვილის თქმით, მის შვილს ნარკოტიკული საშუალების შესაძენი თანხა არ ჰქონდა.
როგორც "პრაიმტაიმს" ქებურიას დედამ უთხრა, სახლიდან გასვლის წინ შვილმა მისგან ითხოვა ავტომანქანა, საფულეში მართვის მოწმობის ჩადებისას კი შეამჩნია, რომ ორი, ან სამი ხუთლარიანი ედო.
რეხვიაშვილის თქმით, მისი შვილი სტუდენტია და ოჯახი უზრუნველყოფს მატერიალურად, თუმცა თავადაც არ აქვთ იმდენი შესაძლებლობა, რომ ერთბაშად დიდი ოდენობით თანხა მისცენ.
"ოჯახში ვერაფერი იპოვეს, ვერც მანქანაში. სისხლშიც არ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება. კლუბური ცხოვრებით არ ცხოვრობს. თიტქმის სულ სახლშია, წერს, ამზადებს სანთლებს. ამ პერიოდში სულ სახლში იყო, გლანდების ოპერაცია უნდა გაეკეთებინა 9 ივნისს და ანალიზები ჩააბარა, ემზადებოდა ოპერაციისთვის, ყელი ჰქონდა გაღიზიანებული. მაშინაც იმიტომ გავიდა, რომ კონცერტისთვის რეპერტუარი უნდა შეეთანხმებინა", - აცხადებს დაკავებულის დედა.
"ბირჟა მაფიის“ წევრებს, მიშკა მგალობლიშვილსა და გიორგი ქებურიას 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკული ნივთიერება MDMA-ის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ორივეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.