დაკავებული რეპერის, გიორგი ქებურიას მეგობარი გოგო თამარ ცაგარეიშვილი მის დაკავებას კლიპს უკავშირებს, და ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც კლიპი დაიდო, მუქარებიც დაიწყო.
ცაგარეიშვილის თქმით, პირადად გიორგისთან არავის დაურეკავს, თუმცა მეორე რეპერს, მიხეილ მგალობლიშვილს დაურეკეს და იცოდნენ, რომ "ზემოთ ვიღაც გაღიზიანდა კლიპის გამო".
"ვვარაუდობდით, რომ გაღიზიანება იქნებოდა, თუმცა ასეთ ამბავს არ ველოდით. ხუმრობის დონეზე გვითქვამს, რომ შეიძლება ქუჩაში გიორგი პოლიციას გაეჩერებინა. ახლა საეჭვოდ მეჩვენება, თუმცა მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია იმისთვის, რომ დაახლოებით 7 ივნისს როდესაც "ფეისბუქზე" შევედი, ვნახე, რომ სხვა ბრაუზერიდან იყო შემოსული ვიღაც. ეჭვი მქონდა, რომ ჩემს "ფეისბუქს" ვიღაც აკონტროლებდა", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, გიორგისთან ხშირი კონტაქტი ჰქონდა, ყველაფერი იცოდა მის შესახებ, სად იყო, რას აკეთებდა კონკრეტულ მომენტში და ამიტომ გამორიცხავს, რომ მას ნარკოტიკულ ნივთიერებასთან შეხება ჰქონოდა.
"ბირჟა მაფიის“ წევრებს, მიშკა მგალობლიშვილსა და გიორგი ქებურიას 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკული ნივთიერება MDMA-ის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ორივეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.