„გირჩის“ მორიგი პროვოკაცია – ეკლესია „ბიბლიურ თავისუფლებას“ სარწმუნოების დაცინვაში ადანაშაულებს - EXCLUSIVE

10:19 06-12-2017
589

ავტორი: სალომე ჩადუნელი 

პოლიტიკური პროვოკაციების საუკეთესოდ დაგეგმვისა და შესრულებისთვის  კონკურსი  რომ არსებობდეს, „გირჩი“  პირველობას, ალბათ, არავის დაუთმობდა. ამის თქმის საფუძველს პიარის ის ხერხი გვაძლევს, რომლის დახმარებითაც „გირჩი“ მხარდამჭერების შემოკრებას ცდილობს.  

ჯერ მარიხუანა დათესა საჯაროდ და ამომრჩევლების იმ სეგმენტის გული მოიგო, რომლებიც ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას ემხრობიან, შემდეგ რელიგიური ორგანიზაცია შექმნა, რომელიც წვევამდელებს სავალდებულო სამხედრო გაწვევის გადავადებაში ეხმარება და არა მარტო წვევამდელების, არამედ მათი ოჯახის წევრების კეთილგანწყობაც დაიმსახურა.  ამჯერად „გირჩის“ მიზანი რეგიონებში გასვლა და იქ მცხოვრებ მოსახლეობასთან კომუნიკაციაა. პარტიას, რომელიც ძირითადად სოციალურ ქსელებში აქტიურობს და ახალგაზრდებზეა ორიენტირებული, რეგიონში ცნობადობის თვალსაზრისით პრობლემა აქვს. ამას მოწმობს  „გირჩის“ რელიგიური ორგანიზაციის მღვდელმთავრების გეოგრაფიული განაწილება. „ბიბლიური თავისუფლების“ გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ორგანიზაციაში უკვე 438 მღვდელმსახურია გაწევრიანებული. ყველაზე მეტი – 308 მღვდელმსახური თბილისიდანაა. რაც შეეხება რეგიონებს,  ორგანიზაციის ყველაზე მეტი – 36 წევრი ქუთაისიდანაა, დანარჩენი რეგიონების მონაცემები კი თითოეულ რეგიონში მაქსიმუმ 7 კაცს ვერ სცდება. 

„გირჩი“ მიხვდა, რომ რეგიონებთან უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო და ახალი პროვოკაციული იდეა მოიფიქრა.  გასაბერი ეკლესიის ყიდვასა და ამ ეკლესიით საქართველოს მასშტაბით ვიზიტებს გეგმავს. ეკლესიის ყიდვისთვის „გირჩს“  $3000 სჭირდება და  საზოგადოებას ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას სთხოვს. 

„ბიბლიური თავისუფლება“ „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე განცხადებასაც ავრცელებს:  „ხელისუფლება ცდილობს, „ბიბლიური თავისუფლება“ წარმოადგინოს არარეალურ რელიგიურ ორგანიზაციად. უღმერთო ადამიანები არგუმენტად ტრადიციული რელიგიური დენომინაციებისთვის დამახასიათებელი ატრიბუტების არქონის გამოყენებას ცდილობენ.
„ბიბლიური თავისუფლების“ იერარქების ლოცვა-კურთხევით, გადაწყდა საღვთო მსახურებისთვის შევიძინოთ ეკლესია, რომლის გამოყენების შესაძლებლობა უნდა მიეცეს „ბიბლიური თავისუფლების“ 500-მდე მღვდელმსახურს. 

რაციონალური მსჯელობის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ ეკლესია იყოს მობილური და იაფი. ბაზარზე არსებულ არჩევანებს შორის ასეთია გასაბერი ეკლესია.

პროექტის რისკი: უღმერთო და შურიანი ადამიანები სადგისით ხელში, რაც დაძლევადია ვულკანიზაციების არსებობის პირობებში“, – ვკითხულობთ განცხადებაში. 

 საქართველოსთვის გასაბერი ეკლესია უცხო ხილია სწორედ ამიტომ, ჩვენ ასეთი ეკლესიების შესახებ ინფორმაციის მოძიება გადავწყვიტეთ. გავარკვიეთ, რომ გასაბერ ეკლესიებს უკვე წარმატებით იყენებენ უცხოეთში, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ეკლესია არ არის. გასაბერი ეკლესიის იდეა 45 წლის მაიკლ გილს ეკუთვნის, რომელიც კომპანია „Xtreme Inflatables“-ის წარმომადგენელია. მან გასაბერი ეკლესია ძირითადად ქორწილებისთვის შექმნა, თუმცა იდეა ფესტივალების ინსპირაციაც გახდა. მაგალითად, ფესტივალი სახელწოდები „Bestival“ გასაბერ ეკლესიაში მასობრივ ქორწინებებს უწევს ორგანიზებას. 

 გასაბერი ეკლესიების თემა, ერთი შეხედვით, კომიკურია, თუმცა „ბიბლიური თავისუფლების“ მთავარი მღვდელმსახური ნიკა ობოლაძე ამ საკითხს სერიოზულად უყურებს. მისი თქმით, გასაბერი ეკლესია არის იაფი და მობილური გზა, მაქსიმალურად გაავრცელონ ინფორმაცია რეგიონებში იმ ორგანიზაციის შესახებ, რომელიც ახალგაზრდებს ჯარის გადავადებაში ეხმარება. 
ნიკა ობოლაძე, „ბიბლიური თავისუფლების“ მთავარი მღვდელმსახური: 

– ჩვენ ამ ქვეყანაში ვებრძვით მონობას და უთანასწორობას, იმიტომ რომ ყოველწლიურად 28 000 ადამიანი ლახავს ზღვარს, როდესაც ჯარში უნდა წაიყვანონ, მაგრამ მიჰყავთ მხოლოდ 5500, ანუ ის 20%, ვინც ვერ გადაიხადა გადავადების ფული, ვინც არის ყველაზე გაჭირვებული, დაუცველი და არ ჰყავს საკმარისი   ნაცნობები. ეს სისტემა არის, როგორც ამორალური, ისე უთანასწორო, ასევე, არაეფექტური, რადგან დღევანდელ თავდაცვას სჭირდება მეტი რესურსი და ფული და არ აკლია ის ადამიანები, რომლებიც მზად არიან, ქვეყანა დაიცვან. ჩვენ უკვე 500-მდე მღვდელმსახური გვყავს. საკმაოდ დიდი მოთხოვნაა რეგიონებში. ადამიანებს სურთ, რომ გაგვიცნონ, გაგვესაუბრონ,  გახდნენ ჩვენი წევრები. ჩვენ გვსურს, რომ შევხვდეთ ამ ადამიანებს როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. ჩვენ გვსურს, რომ ხელისუფლებას არ ჰქონდეს, შესაძლო სასამართლო პროცესებზე, იმაზე აპელირების საშუალება, რომ ჩვენ არარეალური ეკლესია ვართ, ვერ ვიკრიბებით, ან არ გვაქვს საკმარისი ატრიბუტები. გასაბერი ეკლესია ჩვენს ორგანიზაციას  სრულფასოვან ფუნქციონირებაში დაეხმარება. საზოგადოების ერთი ნაწილი აღშფოთებულია იმით, რომ ჩვენ გამომწვევად ვიქცევით, მაგრამ მათ ავიწყდებათ ის, რომ ათასობით ადამიანი მაღალჩინოსნების ხუშტურების გამო ცხოვრებას კარგავს. მაშინ, როდესაც 150-კაციან პარლამენტში არავის შვილს ჯარი არ მოუხდია, მაშინ როდესაც საქართველოში ჯარში მიჰყავთ ყველაზე გაჭირვებულები, სულ 20%,  მაშინ როდესაც ვინც ჯარში მიჰყავთ, მათი 80% მიდის საყარაულო პოსტებზე, ხოლო ვინც ჯარში მიდის, ისინი მხოლოდ ტომრებს ეზიდებიან. 

 – და ის, რაზეც შენ მესაუბრები,  ვგულისხმობ „გირჩის“ მთავარ პოლიტიკურ მიზანს – სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას და თუნდაც მღვდელმთავრების ცნობების გაცემას,  ჯარის გადავადების მიზნით, ამის პოპულარიზაციას გასაბერი ეკლესიის გარეშე ვერ მოახერხებდით, რომ სხვა რელიგიის სიმბოლოებს, ამ შემთხვევაში ეკლესიას, არ შეხებოდით, რომელიც მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის „ღვთის სახლია“? 
– 2015 წელს „გირჩმა“ შეიტანა კანონპროექტი, რაზეც  უარი მივიღეთ. თავდაცვის წინა ორი მინისტრი ამბობდა, რომ ეს სისტემა გაუქმდებოდა, „გირჩმა“ სცადა, რომ ეს სისტემა კანონით გაუქმებულიყო, მაგრამ ვერ გააუქმა. ჩვენ  ბოლო 10 წელია, გვაქვს დაპირებები, რომ  სრულიად  საკონტრაქტო ჯარზე გადავალთ. მთავრობები იტყუებიან და წლების განმავლობაში გვაქვს მდგომარეობა, რომ ხელისუფლებები გვპირდებიან, არ აკეთებენ ამ საქმეს და ახალგაზრდებს უნგრევენ ცხოვრებას. 


– ეს გასაგებია, მაგრამ ეკლესია რას ცვლის?
– ცვლის იმ რეალობას, მათ შორის, რომ ეს საკითხი საზოგადოების სამსჯავროზეა გამოტანილი. ცვლის რეალობას, რომ  ასობით ადამიანი დახსნილია ამ სისტემიდან და შესაძლოა, კონსტიტუციის ბოლო ვერსიაში არ ეწეროს, რომ სამხედრო სამსახური სავალდებულოა. მიმაჩნია, რომ ჩვენმა ბრძოლამ ნაწილობრივ შედეგი გამოიღო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ვიბრძოლებთ და  ამ სისტემას გავაუქმებთ. 


 – კი, მაგრამ ეს მიღწევები თქვენი დამსახურებაა და არა ეკლესიის...
–  ჩვენი ნაბიჯები იქნება ეს გასაბერი ეკლესია თუ სხვა რამ, არის ერთი ბრძოლის სხვადასხვა ხერხი. ჩვენ ვცდილობთ, როგორც შევძლებთ, ისე შევეწინააღმდეგოთ ამ სისტემას, გასაბერი ეკლესიაც ამ ყველაფრის ნაწილია. 


 – აღნიშნე, რომ გასაბერი ეკლესია რეგიონებში გასასვლელად კომფორტული იქნება, რეგიონი ქალაქთან შედარებით ტრადიციულია,  ეკლესიას დიდ პატივს სცემენ, აშენებენ... უვლიან... თუ გაითვალისწინეთ ის რისკ-ფაქტორები, რომელიც გასაბერი ეკლესიით რეგიონში ჩასვლას მოჰყვება?
– ჩვენ ვართ რელიგიური ორგანიზაცია და გვწამს თავისუფლების და რაც გვწამს, ის გვიწერია პირველ საგაზაფხულო ეპისტოლეში. თუ ვინმეს არ მოსწონს, არ ემხრობა ჩვენს რწმენას და არ სურს, შემოუერთდეს, არანაირი პრობლემა არ არის. შეუძლია, არ მოვიდეს და არ მოგვაკითხოს. თუ ადამიანს სურს ჩვენთან კონტაქტი, ვალდებულები ვართ, მასთან სასაუბროდ ყველაფერი გავაკეთოთ. თუ არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ არ არსებობენ, ეს არ არის ლეგიტიმური. 


– ჩვენ ვართ 17 მაისისა და ამავდროულად იმ ადამიანების ქვეყანა, როლებიც ეკლესიას, ხატებსა და რელიგიურ სიწმინდეებს სიცოცხლის ფასად იცავდნენ. აგრესიის მოლოდინი არ გაქვთ?
– მიმაჩნია, რომ საქართველოში ცხოვრობს ძალიან ტოლერანტი ხალხი. მათ ესმით რელიგიის თავისუფლების და იმის, რომ ადამიანი არ უნდა იყოს მონა. შეიძლება ვიღაცები დარჩნენ უკმაყოფილო, მაგრამ საერთო ჯამში არ მგონია, ქართველი საზოგადოება ვერ ხვდებოდეს, რა მოთხოვნები გვაქვს. 


მთავარ მღვდელმსახურს ნიკა ობოლაძეს  სჯერა, რომ საქართველოში ტოლერანტული ხალხი ცხოვრობს, თუმცა ავიწყდება, რომ საზოგადოებრივი ინსტიტუტების ნდობის რეიტინგში ეკლესია წლებია ლიდერობას არავის უთმობს. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ გასაბერ „ღვთის სახლს“ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი, უმეტესად კი უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. 
საქართველოს საპატრიარქო  ამ თემას ოფიციალურად ჯერ არ გამოხმაურებია. ამიტომ მათი პოზიციის გასაგებად საპატრიარქოს თავად დავუკავშირდით. 

დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილისთვის თქმით, ოფიციალური საპატრიარქო გასაბერი ეკლესიის თემას ოფიციალური განცხადებით უახლოეს მომავალში გამოეხმაურება. პირადი პოზიციით კი, გასაბერი ეკლესიის თემა, სარწმუნოებისა და კანონის დაცინვაა. 


დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი: 
– ეს არის ძალიან დიდი დანაშაული საზოგადოების წინაშე. ადამიანებმა გააკეთეს რელიგიური ორგანიზაცია და არც კი მალავენ მის მიზანს, რომ, მაგალითად, აქ ვინც გაწევრიანდება, ჯარში არ წავა. ეს არა მარტო რელიგიური თვალსაზრისით შეცდომაა, არამედ, ზოგადად, სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი შეცდომაცაა. სახელმწიფოში მოქმედი კანონი ყველა მოქალაქისთვის უნდა იყოს ვალდებულება. თუკი გამონაკლისი არსებობს და ეს არის იშვიათი, რომ, ვთქვათ, რელიგიური მოსაზრების გამო ადამიანს არ უნდოდეს ჯარში მსახურება და სასულიერო პირობას აპირებდეს, ეს არ ნიშნავს, რომ  ჯარში საერთოდ არ წავა, არამედ ირჩევს ალტერნატიულ სამსახურს. შეიძლება თოფი და იარაღი არ აიღოს ხელში, სამაგიეროდ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობას შეასრულებს. შესაბამისად, 18-19 წლის ახალგაზრდებზე იმის თქმა, რომ მე ჯარში არ გაგიშვებთ, არ შეიძლება. მართლმადიდებულური ეკლესია ამას ასე არ აკეთებს. 18 და 19 წლის ახალგაზრდამ, თუ მომავალში მღვდლობა სურს, კეთილი უნდა ინებოს და სემინარიაში ჩააბაროს. სტუდენტი თავისთავად რჩება. თუ ჩვენ ვხედავთ, რომ ამ სტუდენტისგან შეიძლება  კარგი სასულიერო პირი დადგეს, ამის შემდეგ შეიძლება მიეცეს რეკომენდაცია, რომ ალტერნატიული სამსახური გაიაროს და არა ის, რომ სახელმწიფოს წინაშე არანაირი ვალდებულება არ შეასრულოს. ვინც ამ ორგანიზაციაში წევრიანდება, ბიბლიის მქადაგებლებს ეძახიან და სამ შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი და ამ სამი შეკითხვიდან ერთიც კი არ არის, წაკითხული აქვთ თუ არა ბიბლია. შეიძლება ბიბლია არ გქონდეს წაკითხული და გაწევრიანდე. ეს დანაშაულია, გაშარჟებაა. ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება გახლავთ სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედება, ეს არის დაცინვა და გაშარჟება სარწმუნოებისა და სახელმწიფო კანონებისა, ყველა გონზე უნდა მოეგოს და გააცნობიეროს, რა ორგანიზაციაში წევრიანდება. 
– თუ ისინი იყიდიან ამ ეკლესია, თქვენი რეაქცია როგორი იქნება? საპროტესტო ტალღა შეიძლება მოჰყვეს?
– ოფიციალური საპატრიარქო, რა თქმა უნდა, ძალისმიერ მეთოდებს არ გამოიყენებს, იმიტომ რომ ოფიციალურ საპატრიარქოს ერთადერთი ბერკეტი კანონი ექნება, რომ კანონის ძალით შეაჩეროს ეს ქმედება. რაც შეეხება ფანატიკოსების ჯგუფს, რომელიც შეიძლება სარგებლობდეს საპატრიარქოს სახელით და იქ რაიმე დაპირისპირება მოხდეს, ეს საპატრიარქოს არ უნდა დაჰბრალდეს. საპატრიარქო ხელმძღვანელობს კანონით და იმ უფლებებით, რაც საპატრიარქოს ამ კანონით გააჩნია. 

უცნობია, სადამდე მივა „გირჩის“ პროვოკაცია, რომელიც პიარის ნიშნებს ატარებს და პარტიის პოლიტიკური პრიორიტეტებისთვის ბრძოლის გზებს უკავშირდება. „გირჩის“ ანგარიშზე ეკლესიის საყიდლად უკვე 600 ლარია, საინტერესოა, რამდენი იქნება ეკლესიის ანგარიშზე საზოგადოების განწყობების მიხედვით, როცა „გირჩი“  გასაბერი  ეკლესიის გაშლას გადაწყვეტს. 

ავტორი: თეონა აბესაძე