ბახალას და სხვა, მის მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებს დავუდგეთ გვერდში - სასამართლო პროცესი 19 ივნისს გაიმართება

11:59 06-12-2017
352

სოციალურ ქსელში მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას) მხარდამჭერი პეტიცია ვრეცლდება: ,,გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) სამართალდამცავებმა ოთხი თვის წინ დააკავეს.

"გიორგის სასჯელის ზომად ემუქრება თავისუფლების აღკვეთა ვადით 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ (სამართლის კოდექსის 260- ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტი, ნარკოტიკული ნივთიერების განსაკუთრებით შემცველობის დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისათვის).

ბოლო დროის მსგავსი გახმაურებული საქმეების მსგავსად, მის საქმეშიც მოწმეები მხოლოდ პოლიციელები არიან. ისიც გაჩხრიკეს და ამოუღეს 0,3726 გრამი ბუპრენორფინი. ჩხრეკას (ბნელ და უკამერო ადგილას) მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები ესწრებოდნენ. გიორგიც უშედეგოდ ითხოვდა ექსპერტიზა ჩატარებოდა, თუნდაც, მის ქურთუკს.

“რეპერების საქმემ” კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა როგორი სასტიკი და უსამართლოა არსებული სისტემა, როგორ წარმატებით აგრძელებს პოლიცია ნარკოტიკების “ჩადების” პრაქტიკას, როგორ უსპობს ახალგაზრდებს რაიმეს კეთების სურვილს და ჩვეულებრივ ჯალათად გვევლინება. განსაკუთრებით ცინიკურია სასჯელის ზომა (8-20 წელი ან უვადოდ!!!), მაშინ, როდესაც განზრახ მკვლელობისთვის სასჯელი 7დან 15 წლამდეა, რომ არაფერი ვთქვათ სხვა მძიმე დანაშაულებზე, როგორიცაა ყაჩაღობა, გაუპატიურება და სხვა.

გიორგი თავს დამნაშავედ არ ცნობს. მიუხედავად ძალიან დიდი და რეალური რისკისა წლები გაატაროს ციხეში, მზადაა ბოლომდე იბრძოლოს სიმართლისთვის!

19 ივნისს გიორგის მორიგი სასამართლო პროცესია. გიორგი არ უნდა იჯდეს ციხეში, გიორგი უნდა იყოს გარეთ, აკეთოს თავისი საქმე, რომელიც უყვარს და კარგად გამოსდის, იყოს თავის ოჯახთან და მეგობრებთან, უბრალოდ მიეცეს საშუალება იცხოვროს და თავისი წვლილი შეიტანოს საზოგადოების განვითარებაში.

გიორგი გიორგანაშვილი არის 37 წლის. შესრულებული აქვს ათობით როლი მხატვრულ ფილმებში, თეატრში თუ სატელევიზიო სერიალებში. არის სოციალურად აქტიური და პასუხისმგებლობით სავსე ადამიანი. გიორგი თავად, ყოველთვის გამოხატავდა პროტესტს უსამართლობის და უფლებების დარღვევის მიმართ, ყოველთვის იდგა იქ, სადაც იგი მეგობრებს და უბრალო ადამიანებს ჭირდებოდა.

ახლა ჩვენი ჯერია ბახალას, და სხვა, მის მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებს დავუდგეთ გვერდში. ეს მხოლოდ მათი დახმარება არ არის, ეს საკუთარ თავზე ზრუნვაა პირველ რიგში, რადგან ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს უსამართლობის მორიგი მსხვერპლი!

გვჯერა, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი ამოიღებს ხმას, მით უფრო მალე და მძლავრად მიწვდება ხალხის გზავნილი ხელისუფლებას. ქვეყანაში მოქმედი ნარკოპოლიტიკა არის სასტიკი და აუცილებლად დროულად შესაცვლელი! ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოლიციაში გამეფებული მახინჯი “ჩადების” პრაქტიკაც! უსამართლობა უნდა დასრულდეს!“, -აღნიშნულია პეტიციაში. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე