ამ ფაქტის გამოძიება არის ის მთავარი პრიორიტეტი, რაც სახელმწიფოს ახლა ვალდებულება აქვს - ეკა ბესელია

12:47 06-15-2017
100

მმართველი გუნდი ევროპარლამენტის მიერ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე შემუშავებულ რეზოლუციას აფასებენ. მათი აზრით, საქართველოს იმიჯისთვის მსგავსი შეფასებები სახარბიელო არ არის, მაგრამ დეპუტატები ამ საკითხში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ. ისინი საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს ნდობას უცხადებენ.

„საქართველოს მიმართ იქნება მოწოდება, რომ გამოძიებამ იმუშაოს ობიექტურად და სრულყოფილად. ამ ფაქტის გამოძიება არის ის მთავარი პრიორიტეტი, რაც სახელმწიფოს ახლა ვალდებულება აქვს. ამას ყველა ახორციელებს და ამას ჩვენ მონიტორინგს ვუწევთ და ვაკვირდებით,“ - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.

პარლამენტი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების რეზოლუციაში ძირითადი აქცენტი მაინც აზერბაიჯანზეა გაკეთებული, თუმცა ქართული მხარისთვის ამ ფაქტის გამოძიება ძალიან მნიშვნელოვანია.

„საქართველოს პარლამენტისთვის არის მნიშვნელოვანი თუ რა, როგორ და რანაირად მოხდა, რაზეც საქართველოში არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე ადამიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთი, ანუ საკმაოდ მძიმე მუხლით,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტში დებატები უკვე დაიწყო.

ავტორი: ლილუ მიროტაძე