ევროპარლამენტმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის პროექტს კენჭი რამდენიმე წუთის წინ ეყარა.
რეზოლუცია რამდენიმე პუნქტისგან შედგება, სადაც ევროპარლამენტარები როგორც აზერბაიჯანის, ისე საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ. საქართველოს ხელისუფლებისადმი მოწოდებები შემდეგია:
„ევროპარლამენტი:
1. მტკიცედ გმობს თბილისში აფგან მუხთარლის გატაცებას და მის შემდგომ თვითნებურ დაკავებას ბაქოში. აღნიშნულს განიხილავს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევად და გმობს ამ სერიოზულ კანონდარღვევას.
2. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სწრაფი, საფუძვლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიება და დამნაშავეების დასჯა.
3. მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შუქი მოჰფინოს ყველა იმ ეჭვს, რომელიც უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების ჩართულობას ძალის გამოყენებით გაუჩინარებაში.
4. შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათი პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს მესამე ქვეყნების მოქალაქეების უსაფრთხოება, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ ან პოლიტიკურ თავშსაფარს ითხოვენ და რომლებიც თავიანთ ქვეყნებში შესაძლო მკაცრი სასამართლო შედეგების წინაშე დგანან უფლებადაცვითი ან პოლიტიკური საქმიანობის გამო. ამასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას შეახსენებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის თაობაზე, რომლის მონაწილე საქართველოა.
5. მტკიცედ გმობს აფგან მუხთარლის დევნას ყალბი ბრალდებების საფუძველზე დამოუკიდებელ ჟურნალისტად მუშაობისთვის.
6. მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ და უპირობოდ მოუხსნას ყველა ბრალდება და გააათავისუფლოს აფგან მუხთარლი, ასევე ყველა ის, ვინც დაპატიმრებულია ფუნდამენტური უფლებების სარგებლობის გამო. აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან მიმართებაში მიიღოს ყველა საჭირო ზომები, რათა აფგან მუხთარლი თავის ოჯახს შეუერთდეს“, - ნათქვამია რეზოლუციაში.
რეზოლუციის კენჭისყრამდე ევროპარლამენტში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით დებატები გაიმართა. აღნიშნულ საქმეზე სიტყვით 20-მდე ევროპარლამენტარი გამოვიდა.
მათ აზერბაიჯანის ხელისუფლებას აფგან მუხთარლის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ, საქართველოს ხელისუფლებას კი საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდეს.