მოძრაობა "თეთრი ხმაურის" წარმომადგენლები პოლიციის მხრიდან მორიგი კანონდარღვევის შესახებ საუბრობენ და პოლიციელებს ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებენ. საუბარია 26 წლის ბაჩო სირაძეზე, რომელიც პოლიციამ ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით 27 მაისს დააკავა.
აღსანიშნავია, რომ ბაჩო სირაძის დაკავებაში ზუსტად ის პოლიციელები ფიგურირებენ, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ იგივე ბრალდებით "ბირჟა მაფიის" წვერები დააკავეს. თეთრი ხმაურის შეფასებით, საქმე გვაქვს დაუსჯელობის სინდრომთან, რადგან ეს კონკრეტული პოლიციელები არა ერთ მსგავს საქმეში ფიგურირებენ და არც ერთ შემთხვევაში მათი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.
“დაუსჯელობის სინდრომი მყარდება სამართალდამცავ სისტემებში და ეს არის საფუძველი იმისთვის, რომ მცირე პანიკა გვქონდეს საზოგადოებას. საჭიროა, როგორც ნარკოპოლიტიკის, ასევე სამართალდამცავი სისტემებს და ასევე მართლმსაჯულების რეფორმა. თანამდებობის პირების დონეზე, პასუხისმგებლობაზე ჯერჯერობთი არ ვსაუბრობთ, ჩვენ ველოდებით მათი მხრიდან შემდგომ ნაბიჯებს, რეაგირებას და იმედი გვაქვს, რომ რეაგირება მოჰყვება, თუმცა პასუხისმგებლობა პირველ რიგში უნდა დადგეს იმ პოლიციელებზე, რომლებიც ფიგურირებენ ამ საქმეში და არა მხოლოდ ამ საქმეში. ეს არის ჯგუფი, რომლებიც იყენებენ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის მექანიზმებს“ - განაცხადა მოძრაობა "თეთრი ხმაურის" აქტივისტმა ბექა წიქარიშვილმა.
ადვოკატ გიორგი მახარაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისგან, მუქარით არა უფლებამოსილმა პირმა ბიოლოგიური მასალა - ნერწყვი ჩაიბარეს და 2 დღის მანძილზე არ ჰქონდა ინფორმაცია თუ რა დანაშაულში ედებოდა მას ბრალი.
ასევე ადვოკატი მაია სირაძე აცხადებს, რომ დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე, როდესაც ბაჩო სირაძე საქართველოში ჩამოფრინდა, მას აეროპორტში დახვდნენ და ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს, თუმცა საბოლოოდ მას ქვეყნის დასატოვებლად ვადა 3 აპრილამდე მისცეს.
ადვოკატების განცხადებით, ისინი ამ დრომდე იკვლევენ მიზეზს, რის გამოც მოხდა მათი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება.