"ამ გადაცემებში ხშირად შუქდებოდა საყდრისის თემა და სამწუხაროა, თუ დაიხურება"

14:39 06-16-2017
110

საყდრისის კომიტეტის წევრი აცხადებს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე იმ ორ გადახემაში, რომელიც ახალი სეზონიდან აღარ გავა - "წითელ ზონასა" და "ინტერVIEW"-ში, ხშირად შუქდებოდა საყდრისის თემა და სამწუხაროა, თუ ეს გადაცემები დაიხურება. 

ამის შესახებ "პრაიმტაიმს" ანა მიქაუტაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართულ აქციაზე განუცხადა.

"ძალიან სამწუხაროა, თუ ეს გადაცემები დაიხურება, რომლებიც რეალურად, ობიექტურად აშუქებენ პრობლემებს საქართველოში, ადამიანებს მოუწოდებენ აზროვნებისაკენ, და ზოგადად სიტყვის თავისუფლება არ უნდა შეიზღუდოს ამ ქვეყანაში. ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი საქართველოსათვის და მეც განცხადებას ვაწერ ხელს კომიტეტის სახელით", - აღნიშნა მიქაუტაძემ.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაცემების „წითელი ზონისა“ და „ინტერview“-ს დახურვა გააპროტესტეს. „საზმაუ ჩვენია“, „არ დაგითმობთ მაუწყებელს“ - ამ ტრანსფარანტებით მაუწყებელთან ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პროფკავშირების წევრები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ.
 

აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმოწერებიანი განცხადება გაუგზავნეს. ისინი ითხოვენ, უახლოეს ხუთი სამუშაო დღის ვადაში მოიწვიონ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, სადაც საზოგადოების წევრებს, საშუალება ექნებათ არსებული მენეჯმენტის პოზიციები მოისმინოს აქამდე გაჩენილ პასუხგაუცემელ კითხვებზე.
 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე