აქციაზე წინა ხელისუფლების წარმომადგენლების ყოფნა არაკორექტულია - "აუდიტორია 115"

14:51 06-16-2017
126

"აუდიტორია 115"-ის წევრის გიორგი არობელიძის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართულ აქციაზე ყოფილი ხელისუფლების წარმომდადგენლების ყოფნა არაკორექტულია.

ამის შესახებ არობელიძემ "პრაიმტაიმს" განუცხადა და აღნიშნა, რომ სწორედ წინა ხელისუფლებამ აქცია საზოგადოებრივი მაუწყებელი ისეთად, როგორიც დღეს არის. 

"აქციაზე შეინიშნებოდა რამდენიმე ადამიანი, რომელიც წინა ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული და ცოტა არაკორექტულია, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც თუნდაც საზოგადოებრივი მაუწყებელი სამთავრობო ტელევიზიად აქცია. დღეს აქ დგანან, თითქოს იცავენ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას, დღევანდელი აქცია არის იმის პრევენცია, რომ არ განმეორდეს წარსული და საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს ხალხის ინტერესების გამტარებელი და არა მმართველი გუნდის",  - განაცხადა გიორგი არობელიძემ. 

საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაცემების „წითელი ზონისა“ და „ინტერview“-ს დახურვა გააპროტესტეს. „საზმაუ ჩვენია“, „არ დაგითმობთ მაუწყებელს“ - ამ ტრანსფარანტებით მაუწყებელთან ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პროფკავშირების წევრები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმოწერებიანი განცხადება გაუგზავნეს. ისინი ითხოვენ, უახლოეს ხუთი სამუშაო დღის ვადაში მოიწვიონ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, სადაც საზოგადოების წევრებს, საშუალება ექნებათ არსებული მენეჯმენტის პოზიციები მოისმინოს აქამდე გაჩენილ პასუხგაუცემელ კითხვებზე.


 

ავტორი: ლილუ მიროტაძე