სალომე ჭაჭუა - „ირაკლი რომ დავინახე, მეგონა, დეჟავიუ მჭირდა“ - exslusive

12:42 06-19-2017
9672

ეს ის წყვილია, რომელიც „ცეკვავენ ვარსკვლავების“ სცენაზე სასწაულებს სჩადის. პროექტი ფინალისკენ მიდის და ლიდერებიც უკვე აშკარა ხდება. სალომე ჭაჭუასა და ირაკლი მაქაცარიას დუეტმა ჟიურიც და მაყურებელიც არაერთხელ გააოცა. განსაკუთრებით ლამაზი სანახავი იყო მათ მიერ ბოლო ლაივზე წარმოდგენილი ქონტერპორარი, რომელმაც დუტა ისე დააბნია, ვერ ვლაპარაკობო, აღიარა. ამდენი რომანტიკული ცეკვის შემდეგ მაყურებელში გაჩნდა კითხვა, ხომ არ გაჩნდა სიყვარულის ძაფები წყვილს შორის.
ირაკლი და სალომე ლაივის დამთავრებისთანავე, ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ჩავწერეთ. 

– სალომე, გაამართლა ირაკლიმ, როგორც მეწყვილემ?
– სხვათა შორის, პირველი სეზონი იყო, როცა მთლიანად მივენდე პროდიუსერებს მეწყვილის შერჩევის მხრივ. არ ვიცი, ალბათ, გული მიგრძნობდა, რომ საუკეთესო პარტნიორი შემხვდებოდა. ირაკლი პირველად რომ დავინახე, მეგონა, დეჟავიუ მჭირდა. რაღაცით ჩემს მეწყვილეს წინა სეზონზე, ანდრია გველესიანს მივამსგავსე. მერე, რომ გავიცანი, მივხვდი, რომ სხვადასხვანაირი ადამიანები არიან. თავიდან ისიც ვიფიქრე, რომ ირაკლი ცეკვისთვის ზედმეტად ათლეტური იყო და პლასტიკასთან და მოძრაობებთან დაკავშირებით წინაღობები გვექნებოდა. საბედნიეროდ, შევცდი. მაქსიმალურად იწურება და თავიდან ბოლომდე მყვება. მთლიანად იხარჯება რეპეტიციებზე, დაუზარელია. 24 საათი რომ დაგვჭირდეს მომზადება, ბოლომდე მომყვება ისე, რომ ერთხელ არ დაიწუწუნებს. 
– მითხარი, მანამდე ვკითხულობდი, ვინ იყო ჩემი მეწყვილეო, გაგიპროტესტებია პარტნიორი?
– თუ დაასაბუთებ, რომ ეს მე არ მიხდება, შეიძლება დათმობაზე წასვლა. აქ ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი: სიმაღლე, ვიზუალი, ძალთა თანაფარდობა, ორივე ძლიერი არ უნდა იყოს, რომ თანაბარ პირობებში იყვნენ წყვილები. და რაც მთავარია, უნდა უხდებოდნენ ვიზუალურად ერთმანეთს. 
– როცა პირველ ტურებს უყურებ, რა განსხვავებას ხედავ?
– ძალიან დიდი ზრდაა. თუ თავდაუზოგავად შრომობ, რაც არ უნდა ნულიდან დაიწყო, აუცილებლად ამართლებს, ირაკლის შემთხვევაშიც ასე მოხდა.
– ფაქტობრივად, ერთად ცხოვრება გიწევთ ამ პროექტის ფარგლებში. თუ კამათობთ, როგორ ეწყობით ერთმანეთს ხასიათებით?
სალომე:

– ნამდვილად ასე გამოდის, ერთად ვცხოვრობთ სარეპეტიციო დარბაზში. გულწრფელად გეტყვით, ირაკლი ერთადერთი მეწყვილეა, რომელთანაც დაძაბულობა ან რაიმე გაუგებრობა არ მქონია. საოცრად პოზიტიური ადამიანია, წარმოუდგენელია, მასთან რაიმე საკითხზე იკამათო. ძალიან მაგარი იუმორის გრძნობა აქვს და ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის ადამიანში. 
ირაკლი:
– ბევრი ამბობდა, რომ ცუდი ხასიათი აქვს სალომეს, მკაცრია. ისინი, ალბათ, არ იცნობენ სალომეს. მომთხოვნი არის, ოღონდ ზომიერად. თუ აკეთებს, აკეთებს ბოლომდე, თუ არ აყევი და გეზარება, სალომე კი არა, ნებისმიერი გახდება მკაცრი. 
– სულ არაფერზე არ კამათობთ?
ირაკლი:

– კვების რაციონის შემცირებაზე. ძალიან ბევრს ჭამს, სამ დღეში ერთხელ (იცინიან). არა, მართლა არ ვკამათობთ, უბრალოდ, როცა ტვინი მეთიშება, მეუბნება ხოლმე, ცოტა აზრზე მოდი, ბიჭოო (იცინის). 
– ირაკლი, აქამდე გქონია შეხება ცეკვასთან?
– ქართულს ვცეკვავდი მეოთხე კლასამდე. სულ ესაა ჩემი გამოცდილება. პროფესიონალური შეხება მას მერე არ მქონია. აი, ახლა სალომეს მიმაბარეს და ესაა ჩემი გამოცდილება. დანარჩენს კი ხედავთ, უკვე მეორე ტურია, მაქსიმალურ ქულებს ვიმსახურებთ სალომეს წყალობით.
– მთლად სალომეს ნუ დააბრალებ ახლა მაგას...
– (იღიმება) ძალიან რთული პროექტია, ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად. ფიზიკურად იმდენად არა, რამდენადაც ფსიქოლოგიურად. არ ვარ სუსტი ადამიანი, მაგრამ მართალი გითხრათ, გამიჭირდა. უძილობა, ნერვიულობა, სტრესი, ბოლო კვირები ფსიქოლოგიური ზეწოლაც დაემატა.
– რას გულისხმობ?
– დიდი ინტერესია ამ პროექტის მიმართ. გაჩნდა ინტერესი ჩვენი წყვილის მიმართ, სხვა წყვილების მიმართ და ამან დაძაბულობა გამოიწვია. მიდის შედარება. ბოლო პერიოდში გააქტიურდნენ სხვა წყვილების გულშემატკივრები და აგრესიულ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ ჩვენ მიმართ. ეს ძირითადად სოციალურ ქსელში ხდება და გულდასაწყვეტია. ჩვენ ყველა წყვილთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და არ მინდა ასეთმა კომენტარებმა იმოქმედოს ჩვენს მეგობრობაზე.
სალომე:
– ყველა შეჯიბრს, კონკურსს სდევს მსგავსი სიტუაციები. ვფიქრობ, ეს ნორმალურია. მთავარია, ფსიქოლოგიურად გავუძლოთ. 
– ირაკლი, დიდი პასუხისმგებლობაა და ერთგვარი რისკიც იყო სალომე ჭაჭუას მეწყვილეობა... იყო ნერვიულობის მომენტი, სანამ წყვილი შედგებოდა?
– ეს პროექტი ჩემთვის სალომესთან ასოცირდებოდა. პირველი სეზონიდან აქ არის და იმაზე ლაპარაკი, როგორი მოცეკვავეა, მგონი, უკვე სირცხვილიც არის. წინა სეზონზე ჩემი მეგობრის, ანდრია გველესიანის მეწყვილე იყო სალომე. წინა სეზონშიც მქონდა შემოთავაზება, მაგრამ ვერ მოვახერხე პროექტში ჩართვა. ამის მიუხედავად, ჩემი მეგობრის საგულშემატკივროდ ხშირად მოვდიოდი. გამოდის, რომ სალომესაც ვგულშემატკივრობდი მაშინ. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე სალომეს არ ვიცნობდი, როცა მასთან დამაყენეს, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ უცხოსთან არ ვიდექი. პასუხისმგებლობაც და რისკიც დიდია. ვიღაცები მეუბნებოდნენ, აწყობილი გაქვს ცხოვრებაო, სალომესთან თუ ცეკვავ, შეგიძლია, იარო, ცეკვაც არ დაგჭირდებაო. მე ასე არ ვფიქრობ. სწორედ იმიტომ, რომ ძალიან მაგარი მოცეკვავის გვერდით დგახარ, მაქსიმუმი უნდა გააკეთო, რომ მის გვერდით არ დაიჩრდილო. სხვის ხარჯზე არაფრის კეთება არ მიყვარს. ორჯერ მეტი უნდა გააკეთოს სალომეს პარტნიორმა იმისთვის, რომ მიუახლოვდეს მაინც. 
– წეღან მითხარი, ძალიან რთული პროექტი აღმოჩნდაო, უკან დახევაზე გიფიქრია?
– არასდროს ვნანობ ჩემს გადადგმულ ნაბიჯს, არ ვარ იქ, სადაც არ მსიამოვნებს ყოფნა. კომფორტში და იდეალურ გარემოში ვერსად იქნები. ჩემს განვლილ გზას რომ გადავხედოთ, ბევრჯერ ისეთი გადაწყვეტილება მიმიღია, რაც უმეტესობისთვის მიუღებელი და ზოგჯერ სასაცილოც კია. მაგრამ, თუ გადავწყვიტე და წავედი, სხვების აზრი, გარე ფაქტორები ჩემზე დიდად არ მოქმედებს. განსაკუთრებით უკრაინული პროექტის შემდეგ. ასე რომ, ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და სალომესთან ერთად ვცეკვავ. 
– ფინალი ახლოვდება. ამ ეტაპზე როგორია თქვენი პროგნოზები?
სალომე:

– ირაკლი იმსახურებს, იყოს ფინალში, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, სამწუხაროდ, მაყურებელმა უნდა იაქტიუროს.
ირაკლი:
– თავს ვერ მოვიტყუებ და ვერ ვიტყვი, რომ გამარჯვება ჯიბეში გვაქვს. ძალიან ღირსეული კონკურენტები გვყავს, იგივე გიორგი ბახუტაშვილი და ჯულიანა, რომლებიც თავიდანვე გამოირჩეოდნენ. სალომეს ვეთანხმები, მაყურებელმა არ უნდა ჩათვალოს, რომ ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ. ესემესებს დიდი გავლენა აქვს. 
– იმდენი რომანტიკული ცეკვა შეასრულეთ ერთად, იმდენი ლამაზი სანახაობა გვაჩვენეთ, მაყურებელს გაუჩნდა კითხვა, ხომ არ დაიბადა თქვენ შორის გრძნობა...
ირაკლი:
– ცეკვა თავიდან ბოლომდე ინტიმია. თუ გინდა, ბოლომდე გადმოსცე ემოცია, რომანტიკაც უნდა ჩადო ამ ყველაფერში, ვნებაც და ყველაფერი, რაც იმ კონკრეტულ ცეკვას სჭირდება. მე და სალომე ვართ მეგობრები და სხვა მიმართულებით არანაირი ფიქრი არ გვაქვს.
სალომე:
– ეს კითხვა და ეჭვი უჩნდებათ მათ, ვინც ხელოვნებაში არ არის ჩართული. ჩვენთვის, მოცეკვავეებისთვის, აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უკავშირდება სცენის რომანტიკა და ვნება რეალურ გრძნობებს.
– ამის მაგალითი არაერთი ყოფილა, კითხვაც აქედან ჩნდება.
– კი, ყოფილა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის ნამდვილად. ჩვენ ვართ ძალიან მაგარი მეგობრები. 
– პირადზეც გკითხავთ... ირაკლი, შეყვარებული ხარ?
– ახლა არავინ მყავს. მთლიანად გადართული ვარ პროექტებზე, ვმუშაობ ჩემს ფილმზეც. 19 საათი ვმუშაობ და სად უნდა ჩავაკვეხო ეს პირადი ცხოვრება, წარმოდგენა არ მაქვს.
სალომე:
– მე პირად ურთიერთობაზე არ ვსაუბრობ.

ნინო მჭედლიშვილი

„პრაიმტაიმი“

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი