ცნობილი მომღერლის, ნინი ბადურაშვილის მამა, ცნობილი ქალბატონის, შორენას როლის შემსრულებლის ( ფილმში „დიდოსტატის მარჯვენა“), ლალი ბადურაშვილის შვილი, ცნობილი მსახიობის, ეკა კახიანის ყოფილი მეუღლე, რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი ახალ ფილმს იღებს სახელწოდებით „ხიდი“, სადაც საკუთარ ქალიშვილს მთავარი როლი მისცა. ჩვენ მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩავწერეთ. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან, რომელიც „პრაიმტაიმში“ დაიბეჭდა.
– ჯარში ფსიქიატრიულშიც მოხვდით. რა იყო ამის მიზეზი?
– არ ვიცი, რატომ გამომკეტეს. არ ვემორჩილებოდი სისტემას და, ალბათ, ამიტომ... საქორწინო ბეჭედი მეკეთა. მოიხსენიო, კაპიტანმა მითხრა. უარი ვუთხარი... მაშინ მამაჩემი დაჭერილი იყო. ზემოქმედება რომ მოეხდინათ მამაზე, შვილებს უჩაგრავდნენ. უფრო სწორედ, უნდოდათ, დაეჩაგრათ. ამას მიეძღვნა ზუსტად ჩემი ფილმიც – „ერთი ქართული ისტორია“. მე რომ ჩამოვედი, ჩემი ძმა, გია დაიჭირეს. თავიდან ჯარში წავედი ჩვეულებრივად, როგორც სხვები მიდიოდნენ. ცხინვალში ვიყავი. იქიდან ბაქოში გადამიყვანეს. ბაქოში ვერ გავუძელი წნეხს. იქ ჩმორი უნდა ყოფილიყავი. შეურაცხყოფა მივაყენე კაპიტანს 200 კაცის თანდასწრებით. გამომკეტეს ფსიქიატრიულში, ვითომ ჩემს ნერვებს იკვლევდნენ. სინამდვილეში ჩემი ჯარში წასვლა არ შეიძლებოდა. ავლიპ ზურაბაშვილმა დადო დასკვნა, რომ არ ვიყავი ჯანმრთელი, ამ მხრივ. უბრალოდ, მამამ მთხოვა, აუცილებელი იყო, თანამდებობაზე მყოფი კაცის შვილი ჯარში ნამყოფი უნდა ყოფილიყო. მამას გამო წავედი.
– ჯარი იძლევა გამოცდილებას?
– იძლევა იმ მხრივ, რომ მარტო ხარ და თავის გატანა გიწევს. კი იყვნენ ცხინვალში ქართველი ბიჭები, მაგრამ იქიდან სხვაგან გადამისროლეს... შეურაცხყოფას გაყენებენ, გთრგუნავენ, თუ დაემორჩილე, ჩმორი გახდები. გამოცდა იყო ერთგვარი. ბეწვის ხიდზე გადიხარ. შუა აზიაში რომ გადამაფრინეს, იქ გავიგე, რომ ავღანეთისთვის ვიყავით განწირულები. უბრალოდ, გაგვიმართლა, მატარებელს დააგვიანდა და ეს ნაწილი უკვე წაყვანილი ჰყავდათ. ბედი გქონიაო, ერთმა სომეხმა მითხრა. მიზანი ეს იყო, ქართველი ბიჭები ბევრი გაისტუმრეს ასე იმ ქვეყნად.
„პრაიმტაიმი“