"იმედის" ინფორმაციით, ამ წუთებში შინაგან საქმეთა მინისტრს "ქართული ოცნების" მთავარ ოფისში ელოდებიან. გიორგი მღებრიშვილი ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებს აფგან მუხტარლის საკითხზე შეხვდება.
"იმედის" ინფორმაციით, შეხვედრა შესაძლოა 12 საათზე დაიწყოს და მას მმართველი გუნდის ლიდერები დაესწრებიან.
შინაგან საქმეთა მინისტრის და უმრავლესობის დაგეგმილი შეხვედრის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, მღებრიშვილისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ, ჩამოყალიბდებიან, თუ რა შეიძლება გააკეთოს პარლამენტმა დამატებით ამ საქმესთან დაკავშირებით.
აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის აზერბაიჯანში დააკავეს. მას ბაქოს საქალაქო სასამართლომ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა, პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა. საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
15 ივნისს ევროპარლამენტმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეზე რეზოლუცია - „აფგან მუხტარლის საქმე და აზერბაიჯანში პრესის მდგომარეობა“ - მიიღო. 16-პუნქტიანი დოკუმენტის პირველი 4 პუნქტი საქართველოს ეხება. რეზოლუციის პროექტში საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარება გატაცებადაა შეფასებული.