პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარესთან დებატებზე თანახმა იყო, თუმცა მათივე შემოთავაზებაზე მივიღეს უარი.
ამის შესახებ მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"პრეზიდენტი დათანხმდა პარლამენტის თამჯდომარის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას, რომ საზოგადოების წინაშე, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის წინაშე მომხდარიყო საკონსტიტუციო თემების განხილვა. პრეზიდენტი დათანხმდა ამ წინადადებას, რაც გაშუქდებოდა ყველა ტელევიზიის მიერ. გაუგებარი მიზეზით მათსავე შემოთავაზებაზე მივიღეთ უარი", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს კონსტიტუციის პროექტის პირდაპირ ეთერში განხილვა შესთავაზა. საპასუხოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ითქვა, რომ მზად იყვნენ, ამ თემაზე დისკუსია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულიყო, რა შეხვედრაც მედიით გაშუქდებოდა.