საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, გაუგებარია კონსტიტუციაში 94-ე მუხლი რატომ უნდა განისაზღვროს 12 წლიანი გარდამავალი ვადით, როდესაც ნებისმიერი მთავრობა 4 წლის ვადით ირჩევა.
ამის შესახებ ნაცვლიშვილმა პარლამენტში, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
"94-ე მუხლთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ ეს არის პარლამენტის და მთავრობის უფლებამოსილება მიიღოს გადაწყვეტილება გადასახადებთან დაკავშირებით, არამედ, ზოგადად, ნებისმიერი საღადმოაზროვნე ადამიანისთვის ცხადია, რომ ეს ის საკითხებია, რომელზეც უშუალოდ პარლამენტში უნდა მიმდინარეობდეს დებატები და სჯა-ბაასი და შესაბამისად, მთავრობები უნდა მოდიოდნენ, ან პარტიები მონაწილეობდნენ არჩევნებში ამასთან დაკავშირებული პოზიციებით. ჩვენ თუ გადაგვაქვს ეს გარდამავალ მუხლში და 12-წლიან გარდამავალ ვადას ვიღებთ, ეს არის გარკვეული აღიარება ამ მუხლის აბსურდულობისა. კითხვა მიჩნდება ზოგადად, რატო 12 წელი, იმიტომ, რომ თუ ეს არის დაკავშირებული იმასთან, რომ ვერ გავაუქმებდით ახლა, რადგან ის უმრავლესობა ვინც ვართ ახლა, არ მოვსულვართ იმ დაპირებით, რომ გავაუქმებდით ამას, ეს თუ არის საფუძველი, მაშინ უნდა შევზღუდოთ 4 წელიწადზე. 2020 წლამდე უნდა იყოს ეს გარდამავალი მუხლის არსებობა ლოგიკიდან გამომდინარე", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის არსებული რედაქცია საქართველოს პარლამენტმა 2010 წლის დეკემბერში, ერთთვიანი განხილვის შემდეგ მიიღო. ეს მუხლი კრძალავს ახალი გადასახადის შემოღებასა და გადასახადის ზედა ზღვრის გაზრდას რეფერენდუმის გარეშე; იმავე მუხლის მიხედვით, რეფერენდუმის დანიშვნის უფლება მხოლოდ საქართველოს მთავრობას ენიჭება.