"ამიტომაც ხდებოდა ჩაწერა და თუ აუცილებლობა იქნება, ჩვენ სრულ ქრონომეტრაჟს გამოვაქვეყნებთ"

17:08 06-21-2017
296

საპატრიარქო ბრალდებული დეკანოზის ოჯახთან შეხვედრას პოზიტიურად აფასებს. პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი დეკანოზის ძმის თორნიკე მამალაძის განცხადებას ეხმაურება. მისივე თქმით, შეხვედრას ესწრებოდა ასევე პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი, რომელსაც არაფერი არ უთქვამს. 

"რატომღაც თორნიკე მამალაძე მასაც ახსენებდა, თითქოს მეუფე იაკობი ერეოდა საუბარში. მოკლედ უნდა შევეგუოთ, რომ ერთი და იგივე ფაქტის და მოვლენის მომსწრე ბევრი ადამიანი სხვადასხვაგვარად გამოიტანს ინფორმაციას. ეს მათი ინტერპრეტაციაა. სწორედ ამიტომაც ხდებოდა ჩაწერა და თუ აუცილებლობა იქნება, ჩვენ სრულ ქრონომეტრაჟს გამოვაქვეყნებთ," - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

დღეს პატრიარქთან გამართული შეხვედრის შემდეგ, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ განაცხადა, რომ საუბარს აწყვეტინებდნენ მამა დავითი (ჭინჭარაული), მეუფე თეოდორე, მეუფე იაკობი, მეუფე ანდრია, მამა კახაბერი (გოგოტიშვილი). 

შეხვედრის შემდეგ თორნიკე მამალაძის ბრალდება უარყო ასევე არქიმანდრიტმა დავითმა. "კითხვები არ მქონია. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც საუბარი მამა გიორგის მონახულებას შეეხო, როდესაც ძმამ ზიარებაზე იკითხა. ვუთხარი, რომ პატრიარქმა მონახულება უკვე დაგვავალა".

პატრიარქი გიორგი მამალაძის ოჯახს დღეს 13:00 საათზე შეხვდა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე