ის, რაც მამა-შვილს აერთიანებს - თამაზ და გუგა ქაშიბაძეების პერსონალური გამოფენა

17:55 06-22-2017
333

23-25 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მამა-შვილის, თამაზ და გუგა ქაშიბაძის პერსონალური გამოფენა გაიმართება. 

"პრაიმტაიმი" გუგა ქაშიბაძეს დაუკავშირდა, რომელიც გამოფენის დეტალებზე გვესაუბრა. გუგას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არც მამის და არც მისი ძირითადი პროფესია მხატვრობა არ არის, ადრე თუ გვიან, ხატვას გამოფენის იდეა თან ახლავს.

თამაზ ქაშიბაძე პროფესიით ზოოინჟინერია, გუგა კი ქირურგი, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი.

გუგა ქაშიბაძე: ერთობლივი გამოფენა პირველად გვაქვს. მეც რამდენიმე გამოფენაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, მამასაც, ოღონდ ცალ-ცალკე. მამამ უფრო გვიან დაიწყო ხატვა, დაახლოებით 44 წლის ასაკში, მე ბავშობიდან ვხატავ. რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავდი. პრინციპში, მამაზე მეტი სტაჟი მაქვს. სამწუხაროდ, არანაირი განათლება მიღებული არ გვაქვს მსგავსი არცერთს. ეს გამოფენა შეჯიბრივით არის, იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება ერთმანეთს ვეჯიბრებით და ერთმანეთის აზრი არასდროს არ ემთხვევა არაფერში და რაღაც გამოფენა-შეჯიბრივით გამოგვდის. ჩემზე უკეთესად ხატავს ნამდვილად. 

- ოჯახიდან ვინმე კიდე ხატავს?

- ოჯახიდან სამწუხაროდ მეტი არავინ. საკმარისია მგონი ორი მხატვარი ოჯახში. 

- რა ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი?

- 50 ფერწერული ტილოა. ნაწილი იქნება გრაფიკაში შესრულებული, ნაწილი - ზეთში. ბოლო პერიოდის ნამუშევრებია, თუმცა რამდენიმე ძველიცაა. ძალიან ვნერვიულობთ ორივე. ფაქტობრივად მთელი ოჯახი ნერვიულობს, მაგრამ სანერვიულო მგონი არაფერი გვექნება. 

- ექიმებს როგორც წესი, დატვირთული გრაფიკი აქვთ ხოლმე, როდის ახერხებთ ხატვას?

- რომ გითხრათ, დრო მრჩება მეთქი, მოგატყუებთ. ხატვის ხარჯზე რაღაცებს ვაკლებ, იქ გართობას, დალევას, ძილსაც და რაღაცნაირად მრჩება დრო. ხატვა რომ მოგინდება, ყველანაირი საქმე გვერდით იწევს ხოლმე. 

- რას ნიშნავს თქვენთვის ხატვა?

- რა გითხრათ, ბუნებრივია ჩემს მეორე პროფესიას ვერ დავარქმევდი, რადგან არც ისე მეტ დროს ვუთმობ. ეს არ არის მარტო განტვირთვა, ან ჰობი, უფრო ცხოვრების წესია, ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ვხატა, მაქსიმალურ განტვირთვას ვახდენ ხოლმე არა იმდენად მუშაობის, არამედ მუშაობის მომზადების პროცესში, ფიქრში, ფერების შეზავებაში და რაღაც მაგიასთანაც კი გვაქვს ხოლმე საქმე. ჩემ ძირითად პროფესიაში ექიმობაში, ხატვა ძალიან მეხმარება და პირიქით, ჩემი პროფესიაც  ძალიან მეხმარება გარკვეული კომპოზიციების შექმნაში.

- საყვარელი მხატვრი თუ გყავთ?

გამორჩეულად ვინმე რომ დავასახელო, ძალიან გამიჭირდება, რადგან ბევრნი არიან. 

- როდესმე თუ გიფიქრიათ, რომ ხატვა შემოსავლის წყაროდ გექციათ?

- ნამუშევრები გაყიდული მაქვს სტუდენტების დროს. მაგრამ იმდენად ცოტა რაოდენობა მაქვს, ეს არის ჩემთვის ბიზნესი. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ამას ბიზნესის კუთხით არ ვუყურებ. არც მამა ყიდის ნამუშევრებს. საჩუქარს თუ შევწირავთ ხოლმე ვინმეს.  

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე