პატრიარქს დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამა თორნიკე მამალაძემ დეკანოზის ციხეში მონახულება სთხოვა.
საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ შეხვედრის აუდიო ჩანაწერში თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძე სურს პატრიარქთან შეხვედრა რათა გადასცეს ინფორმაცია მისი სამსახურეობრივი საქმიანობის შესახებ.
"მამა გიორგის აინტერესებს თქვენი პოზიცია თქვენო უწმინდესობავ, მამა გიორგისთან მიმართებაში.მამა გიორგი დღემდე ითხოვდა ზიარებას, ითხოვს თქვენთან შეხვედრას, ითხოვდა პირადად და ითხოვს დღესაც, რომ რადგან მას, როგორც თვითონ ამბობს, ბევრი აქვს სათქმელი თქვენთან. როგორც თვითონ ამბობს, თქვენო უწმინდესობავ, თქვენი კურთხევით როცა დაიწყო, სამსახურთან დაკავშირებით სამუშაო აუდიტთან დაკავშირებით, რაც თქვენ ჩააბარეთ, ამასთან დაკავშირებით სურს ბევრი რაღაცის გადმოცემა, დასაბუთებით, თავისი დოკუმენტაციით. ამასთან დაკავშირებით უნდოდა თქვენთან შეხვედრა. მისი სურვილი არის, რომ შეგხვდეთ დღესაც და გადმოგცემთ ამ თხოვნას - იქნებ რამდენიმე წუთით, შესაძლებელი თუ იქნება და შესაძლებელი არის როგორც მე ვიცი, თუ შეხვდებით მას და პირადად მოგახსენოთ მისი სამსახურეობრივი, რასაც მუშაობდა",- ამბობს თორნიკე მამალაძე.
როგორც ის აღნიშნავს, პატრიარქთან შეხვედრას ოჯახი ადვოკატებთან ერთად ითხოვდა, რათა ადვოკატებს პატრიარქისთვის საქმის დეტალები გაეცნო.
"გამომდინარე იქედან, რომ მე საქმის მასალებს არ ვიცნობ დეტალურად და საქმის მსვლელობასთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ, ამიტომაც ვითხოვდი მე ადვოკატებთან ერთად თქვენთან შეხვედრას. საქმესაც მოიტანდნენ და დაალაგებდნენ აქ და შევხედავდით აქ მყოფი დამსწრე საზოგადოება და თქვენც, თქვენო უწმინდესობავ, რა დევს ამ საქმეში, რა ვითარებაში ცდილობს საქართველოს პროკურატურა მამა გიორგის ბრალი წაუყენოს, გაასამართლონ.თუ შესაძლებლობა მოგვეცემა, თქვენი ლოცვა კურთხევით, რომ შემდეგში თუ მოხერხდება ასეთი შეხვედრა ადვოკატებთან ერთად შევხვდეთ",- ამბობს თორნიკე მამალაძე.
მისი თქმით, სასამართლო სხდომები იმიტომ დახურეს, რომ საზოგადოებამ სრული სიმართლე არ დაინახოს რა დევს და რა მტკიცებულებით აპირებენ დეკანოზის ციხეში ჩასმას.
"მოგეხსენებათ, თავიდან იყო პატარა ბრალი, შემდეგ დაუმძიმეს და შემდეგ საპატრიარქომ იმიტო დახურა სასამართლო სხდომები, რომ ვითომდაც მამა გიორგის პირადი ინტიმური ცხოვრების ვიდე მასალები არსებობსო, რაზეც გამოვიდა მთავარი პროკურატურა და თქვა, რომ ასეთი ვიდეო მასალები არ არისო და პირდაპირ ტყუილით დახურეს სხდომები. ელემენტარული მტკიცებულებები არ არსებობს , რომ მამა გიორგი ჩასვან იმ ბრალდებით, რასაც აბრალებენ, ამიტომ გვინდოდა ადვოკატებთან ერთად მოსვლა. ეს ყველაფერი ეკლესიის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული და ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურება ეს საქმე",- აღნიშნავს თორნიკე მამალაძე.