"საქართველოში ეკონომიკის მხრივ საშინელი მდგომარეობა" - ემიგრანტის დღიურები (Exclusive)

12:40 06-25-2017
2392

საზღვარგარეთ ემიგრანტების რაოდენობა არ მცირდება. ეკონომიკური სიდუხჭირე და სოციალური პრობლემები ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ქართველები საზღვარგარეთ სამუშაოდ მიდიან. თითოეული მათგანი ამბობს, რომ  საქართველოში დაბრუნდებიან, თუმცა სამშობლოში დაბრუნებისთვის საჭირო დროს ელოდებიან. „პრაიმტაიმის“ ემიგრანტის დღიურების რუბრიკის სტუმარია ქართველი ემიგრანტი მარინა ყიფიანი საბერძნეთიდან. 

მარინა ყიფიანი: "როდესაც ინტერვიუს ჩაწერას მთხოვენ და ჩემი ოჯახის შესახებ კითხვას მისვამენ, თვალები ცრემლებით მევსება, თვალწინ ჩემი სახლი, ეზო, შვილები და შვილიშვილები მიდგება, მოხუცი მშობლების წყლიანი თვალები, შრომისგან დაღლილი და ნაოჭებისგან დაღარული სახე, მათი ათასჯერ გამეორებული კითხვა "სულ როდის ბრუნდები შვილო"? გული მეკუმშება და საკუთარ თავს ვუსვამ კითხვას "როდემდე?"

- მოგვიყევით ცოტა რამ თქვენი ოჯახის შესახებ და რამ გაიძულათ სამუშაოდ სხვაგან წასულიყავით?
- დავიბადე ახმეტის რაიონის სოფ ჩაბინაანში, 1967 წელს,მუშის ოჯახში, მყავს მშობლები, ორი და( თინა და ბელა) და ერთი ძმა(გელა). სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გავაგრძელე თბილისის ცეკავშირის კოოპერაციულ ტექნიკუმში, სპეციალობით სასურსათო საქონელმცოდნეობა. ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელებას ვფიქრობდი ფილოლოგიურზე, მაგრამ გავთხოვდი და ოჯახი და სწავლა ერთმანეთს ვეღარ შევუთავსე, რადგან მალევე ორი შვილის დედა გავხდი და ყველაფერი მხოლოდ ოცნებად დამრჩა. მყავს მეუღლე, (ემზარ მაისურაძე)ორი ვაჟიშვილი (ზურა და ლაშა)და სამი შვილიშვილი,(თვალხატულა გოგონები მარი, თათია და ანუკი) ძვირფასი რძლები ანა ბეღელაძე და ნათია ბაღუაშვილი. ოთხმოცდაათიან წლებში ცხოვრება ძალიან გაგვიჭირდა, ახმეტაში ვცხოვრობდით და კორპუსში მაცხოვრებელს კარგად იცით მწვანილიდან დაწყებული ყველაფერი საყიდელი აქვს, მეუღლე მექანიზატორად მუშაობდა ერთერთ სამშენებლო დაწესებულებაში თელავში, მე პატარა სავაჭრო ჯიხური მქონდა ნაქირავები და ვვაჭრობდი, თუ იმას ვაჭრობა ერქვა, რადგან მხედრიონის პერიოდი იყო და რომ "დაგვეცემოდნენ" ავტომატებით, დახლზე აღარაფერს გვიტოვებდნენ. ბოლოს იმ ზომამდე მივედით, რომ სახლის გაყიდვა გადავწყვიტეთ, საბერძნეთში დეიდაშვილი მყავდა, ლია ჭიტაძე, ის დამეხმარა, რომ წავსულიყავი და ბინით მასთან ვყოფილიყავი დროებით, სანამ ფეხზე დავდგებოდით, თავიდან მე და მეუღლე წავედით, შვილები დედასთან დავტოვე ხუთის და ოთხი წლისები, რა დამავიწყებს, გავეპარეთ და არც კი ჩავიხუტე შვილები, რომ ცრემლები არ შეემჩნიათ ჩვენთვის, თანაც პატარას დაბადების დღე იყო იმ დღეს. ასე აღმოვჩნდით შვილებისგან შორს, ახალი პრობლემების, უენობის, უმუშევრობის წინაშე უცხო გარემოში.

- რამდენი წელია რას საზღვარგარეთ ხართ და რომელ ქვეყანაში იმყოფებით?
- მალევე ჩამოვიყვანეთ ბავშვები და თხუთმეტი წელი ერთად ვცხოვრობდით სალონიკში, ბოლო შვიდი წელია რაც ოჯახის გარეშე ვცხოვრობ, საბერძნეთში არსებულმა ეკონომიურმა კრიზისმა ყველა დააბრუნა იძულებით, მე კი ამხელა ოჯახის ტვირთი ჩემ თავზე ავიღე და 2010 წლიდან მარტო ვეწვალები ამ ცხოვრებას. მეგონა სამ წელში უკან დავბრუნდებოდით, მაგრამ აქ "ჭაობია", რაც მეტი რჩები, მით უფრო მეტი პრობლემები გემატება ადამიანს და ფიქრობ "ამ საქმესაც მოვრჩები და წავალ, ბარემ კიდევ ერთ წელს დავრჩები და მომავალი წლიდან აქ აღარ გავჩერდები," ასე შემოვრჩი ოცდაორი წელი.

- როგორია თქვენი სამუშაო გრაფიკი და გაქვთ თუ არა შეზღუდვები?
- ჩემი სამუშაო გრაფიკი ოცდაოთხ საათიანია, ვმუშაობ ერთ ოჯახში დამხმარედ, სადაც ავადმყოფია მოსავლელი, მაგრამ არ ვარ დროით შეზღუდული, რადგან ამდენი ლექსების წერის დრო მაქვს, ამას შეზღუდვა აღარ ჰქვია, თანაც ჩემი ქალბატონი ხელს მიწყობს ყოველთვის როცა შეხვედრები და ღონისძიებები ტარდება ხოლმე სალონიკში, მაძლევს დასწრების საშუალებას. მოგეხსენებათ, სამი წიგნის ავტორი ვარ და კიდევ ხუთასი ლექსი დასაბეჭდი მაქვს, ემიგრაციამ ეს კარგი მომიტანა, რომ ძვირფასი ქალბატონი გავიცანი თამარ სეფაშვილი, რომელმაც სულიერად ფეხზე დამაყენა, სამივე წიგნი მისი რედაქტორობით გამოვეცი. ის პირველ რიგში ჯერ ერთგული და საამაყო მეგობარია და შემდეგ კი თავის საქმის დიდი პროფესიონალი. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას მოვუხდი ასე უანგაროდ გაწეული შრომისათვის. არა მარტო ჩემზე, არამედ სალონიკის უამრავ ემიგრანტისთვის გაწეულ შრომისთვის.

- ურჩევთ თუ არა ქართველებს საზღვარგარეთ წასვლას და რამდენად მართებულად მიგაჩნიათ "ოჯახის მიტოვება"?
- არავის არ ვურჩევდი საზღვარგარეთ წასვლას და ოჯახის დატოვებას, თუ მითუმეტეს პატარები ჰყავს გასაზრდელი.

- გაქვთ თუ არა საქართველოს საელჩოსთან ურთიერთობა ?
- საქართველოს საელჩო ათენშია, მე პირადად არ მაქვს მათთან შეხება, ისე, საკონსულოში თუ რამე საბუთი დამჭირდება, მაშინ მივდივარ.

- აპირებთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას და რას ფიქრობთ შორი გადმოსახედიდან ჩვენს ქვეყნააში მიმდინარე მოვლენებზე?
- საქართველოში დაბრუნება ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, დღესვე დავბრუნდებოდი, მაგრამ რომ დავბრუნდე, ამხელა ოჯახი ჩემ მხრებზე დგას, რით ვარჩინო? განა არ დაბრუნდა ბევრი? მაგრამ ისევ ემიგრანტები არიან დღეს, ფეხი ვერ მოიკიდეს, ჩვენი ასაკის არავის უნდა სამსახურში, ახალგაზრდობა ყველა საზღვრებს ტოვებს, საშინელი მდგომარეობაა საქართველოში ეკონომიკის მხრივ, მაგრამ არ დაუბრუნებლობა იქნება, რადგან ჩვენმა ხელისუფლებამ მიწები უცხოელებზე "არიგა", მალე მტკაველი მიწა არ დარჩებათ ქართველებს, არაფერს არ ზრუნავს მთავრობა ჩვენს დასაბრუნებლად, ელემენტალურ პირობებს არ გვიქმნიან იმისათვის, რომ დავუსვათ წერტილი გახლეჩილი ოჯახების ასე მონატრებაში ყოფას, აქედან ჯანმრთელი არავინ დავბრუნდებით, ჩვენი უმორჩილესი თხოვნაა იზრუნონ ჩვენზეც, ხანდახან გვერდზე გადადონ საკუთარი ფუფუნება, პირადი ამბიციები და წარმოიდგინონ თავიანთ ოჯახის წევრები ჩვენს ადგილას.

- და ბოლოს, რას უსურვებთ ქართველ ემიგრატენებს​
- ქართველ ემიგრანტებს პირველ რიგში ჯანმრთელობას ვუსურვებ, გამძლეობას, სულის სიმხნევეს და ძლიერ, ერთიან სამშობლოში მალე დაბრუნებას.