ზალიკო ბერგერი – „ჩემს კაბებს ოჯახები ჯერ არ დაუნგრევია“ - exclusive

12:46 06-26-2017
745

ფორმულა „კრეატივმა“ ამჯერად ქართველი დიზაინერებისთვის მოიცალა. თავზარ ცხენიანის გამოჩენით სერიალში გადამღებმა ჯგუფმა ქართულ სამოდელო ბიზნესს, რბილად რომ ვთქვათ, დასცინა და ამისთვის დიზაინერი ზალიკო ბერგერი გამოიყენა. სცენები, სადაც დიზაინერი „თამუნებს“ სამოსს სთავაზობს, ჩიკასა და თავზარის დიალოგები, გელა-გოჩას დაბადების დღის „ტუსოვკა“ და შაურმით დაგვირგვინებული სვეცკური საღამო, მართლაც რომ, ხალისს იწვევს მაყურებელში. 
როგორ „დაანგრიეს“ გადაღების დროს ნაქირავები სახლი, რატომ იღრძო ფეხი თამუნამ, სად მუშაობს რეალურად „ჩიკას“ პერსონაჟი და რატომ არ კონტაქტობს ჟურნალისტებთან, ზალიკო ბერგერი გიამბობთ. 

– ზალიკო, აქამდე გიცნობდით, როგორც დიზაინერს, შოუმენს, თამადას. ახლა გაგიცანით, როგორც მსახიობი. მიუხედავად იმისა, რომ პატარ-პატარა როლები სხვა ფილმებშიც გქონია, ამ სერიალის პოპულარობამ განსაკუთრებული აღიარება მოგიტანა...
– სამსახიობო გამოცდილება მანამდეც მქონდა. ვითამაშე ფილმში „რა მოხდა კიევში“, სერიალებშიც მითამაშია პატარ-პატარა როლები, მაგრამ თავზარიკოს გმირმა, სერიალის პოპულარულობიდან გამომდინარე, მართლაც ფურორი მოახდინა. ერთ ღამეში ფოლოვერებსა და სმს-ებს ვერ ვითვლიდი სოციალურ ქსელში. ასეთი აჟიოტაჟი ჩემს გარშემო აქამდე არ მახსოვს. მანამდე თუ სუპერსთარი ვიყავი, ახლა ვარ მეგასთარი (იცინის). ისე, წააგავს ჩემს ნამდვილ სახელსა და გვარს ჩემი გმირის სახელი და გვარი: ზაალ ხეცურიანი – თავზარ ცხენიანი. ერთ ღამეში თავზარიკოს ასეთ პოპულარობას ნამდვილად არ ველოდი. 
– როგორ მოხვდი ამ როლზე?
– ასეთი პოპულარული სერიალი საქართველოში არ არსებობს. სულ მინდოდა რაღაც პატარა როლი მეც მქონოდა. ეს აუცილებლად რომ მოხდებოდა, გული მიგრძნობდა, მაგრამ როდის მოხდებოდა, არ ვიცოდი. ისე გამიხარდა, რომ დამირეკეს... ცხოვრებაში ათასი შემოთავაზება მქონია, იმდენ ქასტინგზე ვყოფილვარ, მაგრამ ამ ქასტინგზე ისეთი გულის ფრიალი მქონდა... ასეთი ნერვიულობა არ მახსოვს. ტაქსში ტექსტს ვიზეპირებდი. 
– ქასტინგზე რა გაგაკეთებინეს?
– პირველი ჩვენი სერია, როგორ ვხვდები ჩიკას... პირდაპირ სერია ვითამაშეთ...
– ბევრი დუბლი დაგჭირდა?
– მე ხომ სამსახიობო ოსტატობა არ მისწავლია, მაგრამ ეკა მჟავანაძემ ისე კარგად ამიხსნა და გამაკეთებინა ყველაფერი, ბევრი ნამდვილად არ გვიწვალია. გამზადებული მივედი ჩაწერაზე. თან ჩემგან დიდად განსხვავებული პერსონაჟი არ არის თავზარიკო (იცინის).
– ნამდვილად გგავს, მაგრამ რით განსხვავდებით?
– მისი პიროვნება დიდად არ გავრცობილა ამ სერიებში, რომ თავისი ხასიათის თავისებურებები გამოევლინა. იმედი მაქვს, ჩემი გმირი კიდევ გამოჩნდება სერიალში და ამ განსხვავებებზეც პასუხი მერე მექნება. 
– თავზარიკოს არ უყვარს, როცა მისი მომხმარებელი სამოსს იქვე მოისინჯავს, მის თვალწინ. ჩიკა ეუბნებოდა თამუნებს, იქ რომ მოგერგოთ სამოსი, თავზე გადაგახევდათო. შენც ასეთი ხარ?
– (იცინის) არა, ასეთი რამ არ ჩამიდენია ნამდვილად, მაგრამ ის ფრაზა ნამდვილად ჩემი იყო, თუ ვერ ჩაიცვამთ, დამირეკეთ და აგიხსნით, როგორ უნდა ჩაიცვათ-მეთქი, ერთხელ ვუთხარი ერთს. სახელოსნოში ვაცმევდი და ძალიან გაუჭირდა. ამიტომ ვუთხარი, სახლშიც თუ გაგიჭირდა, დამირეკე და აგიხსნი-მეთქი (იცინის). 
– შენი გმირით სცენარისტმა, ფაქტობრივად, ქართველ დიზაინერებს დასცინა, მათ შორის, ალბათ, შენც... ამის გამო უხერხულობას ხომ არ გრძნობ?
– სერიალი არის ირონიული. ვფიქრობ, ნორმალური ადამიანი, ვინც რაციონალურად უყურებს ამ ყველაფერს და იცის, რომ ეს ფილმია და არა რეალობა, არ გაბრაზდებოდა ამ სცენებზე. მართალი გითხათ, არ მიფიქრია ამ დროს კოლეგებზე. გროტესკია, იუმორით უნდა შეხედო ყველაფერს. არ გავბრაზებულვარ ნამდვილად. 
– გელა-გოჩას დაბადების დღისთვის თამუნებს ასეთი კაბები სპეციალურად შეურჩიეთ, რომ დაგეცინათ, თუ ეს არის თავზარიკოს ხედვა?
– თამუნებს კომბოსტო და სტაფილო დავარქვით, ბაქარის ცოლმა ფეხი იღრძო წინა დღით და ამ კაბაში გამოკვეტებული ძლივს დადიოდა... ის ფრაზაც მაგარი იყო, – შენ რა იქსელი ხარ (იცინის). ძალიან მიხარია, რომ „სიფსიხესთან“ ერთად თავზარიკოს ფრაზებიც აიტაცეს. 
– თავზარიკოს კაბებმა ლამის ოჯახები დაანგრია...
– ჩემს კაბებს ოჯახები ჯერ არ დაუნგრევია (იცინის). საბედნიეროდ, თამუნების ოჯახებიც გადაურჩა დანგრევას. ვფიქრობ, თავზარიკო კიდევ გამოჩნდება სერიალში, ისეთი გამოხმაურება ჰქონდა და კაცმა არ იცის, რას დაანგრევს და რას ააშენებს. თავზარიკო ჩიკას სამეგობროა უკვე. 
– გვიამბე იმაზე, რაც ეკრანზე ვერ მოხვდა. შიდა სამზარეულოც აინტერესებს მაყურებელს...
– პირველ გადაღებაზე არაფერი შეგვშლია. გელა-გოჩას დაბადების დღეზე იყო კურიოზები. ფეხნაღრძობი თამუნა ქმნიდა სახალისო შემთხვევებს. გელა-გოჩას დაბადების დღის გამო ორი ღამე გავათენეთ. ისე დავანგრიეთ ეს ნაქირავები სახლი, პატრონმა შეიძლება გვიჩივლოს კიდეც (იცინის). თბილისში, შანხაიზე იყო ეს სახლი. წარმოიდგინე, ჯერ მარტო 40 კაცი, რომელიც „მასოვკას“ თამაშობს, მთავარი გმირები, ოპერატორები, გადამღები ჯგუფი, აპარატურა და გამთენიისას ფოიერვერკები. 
– ფხიზლებმა ითამაშეთ გელა-გოჩას დაბადების დღეზე?
– რომ არ მოგატყუოთ, ცოტა შამპანური დავლიეთ მე ჩიკამ.
– ჩიკაზეც გვიამბე რამე, არ კონტაქტობს ჟურნალისტებთან...
– ანი ჩირაძეს ბავშვობიდან ვიცნობ. ვმეგობრობდით ბავშვობიდან. როგორი უშუალოც არის სერიალში, ისეთივეა ცხოვრებაშიც. პროფესიით ვინ არის, არ მახსოვს, მაგრამ მუშაობს პრეზიდენტის უშიშროების საბჭოში. 
– ოჯახური მდგომარეობა?
– შვილი ჰყავს და ქმარი არ ვიცი, მგონი, აღარ. 
– შაურმა მართლა ჭამეთ?
– კი, გამთენიისას წავედით. არ დაგვხვდა ღია „გლდანის შაურმა“. გვერდითა საშაურმიდან ვიყიდეთ შაურმები და ისე გადავიღეთ ეგ სცენა. გადამღებმა ჯგუფმა კი მოახერხა მოგვიანებით „გლდანის შაურმის“ ჭამა. 
– ზალიკო, ამბობენ, ძალიან მკაცრია გიორგი ლიფონავაო, ასეა?
– ასე გამოდის, ყველას ეშინია. ერთს დაიძახებს და ყველა ჩესტით დგას. ეს კარგია გადაღების დროს. მე რადგან სპეციალური სტუმარი ვიყავი ჯერჯერობით, სიმკაცრე არ გამოუჩენია ნამდვილად, ვერ დავაბრალებ. თან არაფერი დამიშავებია. ერთადერთი შამპანური დავლიე. მე და თამუნა რომ ვცეკვავდით, მე ხომ სოფლურად უნდა მეცეკვა და მჭირდებოდა სასმელი. მეორე თამუნა მეუბნებოდა, კარგად იცეკვე და შენ გიფს გააკეთებენო. ამის გაგონება იყო და დავიწყე ბუქნები. ჩემს მეწყვილეს ეუბნებოდნენ, ტახიკარდია არ დაგმართოს ამანო. ისე მოვინდომე ცეკვა, კინაღამ „ბასეინში“ გადავვარდი. 

ინტერვიუს სრული ვერსია ნახეთ გაზეთში „პრაიმტაიმი“

ნინო მჭედლიშვილი

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი