ექსპერტი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მოატყუა, რადგან უთხრა, რომ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და სრულიად სხვა გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ხუხაშვილმა "პრაიმტაიმს" განუცხადა, ხელისუფლების ასეთი საქციელი ფაქტობრივად ბუკიკიოსთვის შეურაცხყოფის მიყენებას უდრის.
"თავი რომ დავანებოთ ჩვენს შიდა პრობლემატიკას, ფაქტობრივად, ხელისუფლებამ შეურაცხყოფა მიაყენა ბუკიკიოს. მივიდნენ, უთხრეს, რომ რასაც შენ გვეტყვი, შენი მუხლების ჭირიმე, შენ ხარ ჩვენი ღმერთი, ყველაფერს ისე გავაკეთებთო. ბუკუკიომაც იფიქრა, ეს რა ტკბილი და მურაბა ხალხი ყოფილაო. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ არც თუ ისე კარგი ბიჭები ყოფილან და ძალიან შეურაცხყოფილად იგრძნო თავი ბუკიკიომ. ფაქტობრივად, ხელისუფლებამ, მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, მოატყუა და შეაჩეჩა ერთი გადაწყვეტილება და მიიღო მეორე", - განაცხადა ხუხაშვილმა.
მისი თქმით, შესაბამისად, ვენეციის კომისიის პრეზიდენტის რეაქცია საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა.
"ეცადა, რომ დიპლომატიური ყოფილიყო, მაგრამ ისეთი სასწაული ინტერპრეტაციები ისმოდა ზოგიერთი ხელისუფლების ლიდერის მხრიდან, ბოლოს იძულებული გახდა, რომ პირდაპირ ეთქვა ყველაფერი. ეს კატასტროფა არ არის. ფორმალური სამართლის გაგებით, ხელისუფლებას შეუძლია მისი მოსაზრება ფეხებზე დაიკიდოს და პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღონ. ისე აღარ უნდა იყოს, როდესაც ბავშვები რამეს აფუჭებენ და პასუხისმგებლები არაფერზე არ არიან. ვნახოთ როგორ ითავებს პასუხისმგებლობას "ქართული ოცნება", - აღნიშნა ხუხაშვილმა.