არ დარჩა მუსიკალური ეპითეტი, ამ ბავშვის მისამართით რომ არ გამოეყენებინათ მუსიკათმცოდნეებს, მომღერლებსა თუ კომპოზიტორებს. 12 წლის გრიგოლ ყიფშიძის დახასიათება ორი სიტყვით ასე ჟღერს – მუსიკალური ვირტუოზი. ეს არის ბავშვი, რომელიც ყველა ჟანრს ერგება და ყველა სიმღერას თავისუფლად ასრულებს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. გრიგოლი და თამარი „იქს ფაქტორის“ ის კონკურსანტები არიან, რომელთა მისამართითაც მაყურებელი ყოველთვის დადებით კომენტარებს წერს სოციალურ ქსელში. ამის მიუხედავად, კონკურსის წინა ლაივკონცერტზე ორივე მათგანი აუტსაიდერებში მოხვდა. ეს ყველაზე მძიმე სურათი იყო მათი მენტორისთვის, გიორგი გაბუნიასთვის, რომელმაც ცრემლები ვერ შეიკავა პირდაპირ ეთერში. გაბუნიას ცრემლებმა ნიკა გვარამიაც კი გააოცა. კოლეგები ამშვიდებდნენ ბავშვების მენტორს. ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ პროექტი თამარ ედილაშვილმა დატოვა.
ამ ემოციებზე, კონკურსის სირთულეებზე, ღრმა ბავშვობასა და ოჯახზე დღეს გრიგოლ ყიფშიძე ისაუბრებს თქვენთვის. პატარა ვირტუოზი „პრაიმტაიმის“ სტუმარია.
– ჩემს ოჯახში ყველა მუსიკოსია: დედა, მამა, ბებია, დეიდა... დედა მღერის. მამაც მღერის და გიტარაზეც უკრავს. ბებიაჩემი ფორტეპიანოზე უკრავს, კონსერვატორია აქვს დამთავრებული. დეიდაც მღერის და გალობს, ამავდროულად სოლფეჯიოს მასწავლებელია. დაბადებიდან სიმღერა მესმის სახლში, გემოვნებიან მუსიკას მასმენინებდნენ სულ. ვუსმენდი სოულს, ჯაზს, ბლუზსაც. აქედან გამომდინარე, სხვა ინტერესი არც მქონია.
– ვინ არის შენი საყვარელი მომღერალი?
– მაიკლ ჯექსონი, რომელსაც ღრმა ბავშვობიდან ვბაძავდი. მიყვარს, ასევე, სტივ უანდერი.
– ჩვენ ვნახეთ შენ მიერ შესრულებული ჯექსონის სიმღერა. მაყურებელს მოეჩვენა, რომ ბავშვობაში უკეთ ბაძავდი შენს კერპს მოძრაობებით... რა იყო ამის მიზეზი, ნერვიულობდი?
– არ ვიცი, უცნაურია... ეს, ალბათ, იმის ბრალია, რომ საცეკვაოდ პატარა სივრცე მქონდა. თან მაიკლის ცნობილი მოძრაობა – „მუნ ვოქი“ (მთვარეზე გასვლა) ამ სიმღერას არ მოუხდებოდა და ამიტომ არ გამიკეთებია. არ მინდოდა, გავმეორებულიყავი. ეს მოძრაობა სიუჟეტში უკვე ნახა მაყურებელმა, „4 სკამის“ ტურზეც გავაკეთე... არ ვიცი... მე კმაყოფილი ვარ ჩემი შესრულებით. ჩემი კერპის სიმღერა ვიმღერე ამხელა სცენაზე. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.
– გრიგოლ, დიდი ბიჭი რომ გაიზრდები, მუსიკა იქნება შენი ძირითადი პროფესია თუ სხვა ინტერესებიც გაქვს?
– ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ჩემთვის მთავარი ინტერესი სიმღერაა. სამომავლოდ, ალბათ, სხვა პროფესიაზეც ვიფიქრებ, მაგრამ ჯერ არ ვიცი, რას გადავწყვეტ. მიყვარს ხატვაც. სახლში ჩემი ნახატებიც მაქვს. მეუბნებიან, რომ კარგად გამომდის.
– რას ხატავ?
– ყველაზე მეტად ცხოველების დახატვა მიყვარს. 4-5 წლიდან ვხატავ. ადრე კედელზე მქონდა გამოფენილი ჩემი ნახატები. ახლა სხვა სახლში გადავედით და შენახული მაქვს.
– გრიგოლ, რატომ გადაწყვიტე „იქს ფაქტორში“ მისვლა და არ გამოხვედი „ნიჭიერში“?
– თავიდან „ნიჭიერში“ გასვლა მინდოდა, მშობლების ხათრით. ეშინოდათ, რომ ამ პროექტში სტრესი შემხვდებოდა. „იქს ფაქტორში“ მართლა რთულია ყველაფერი, ძლიერი, გამოცდილი კონკურენტები გყავს. დიდხანს მიმდინარეობს პროექტი და ბევრი სანერვიულოა. ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი მშობლებს, „იქს ფაქტორი“ სიმღერის კონკურსია. რატომაც არა, მაქვს იმის ამბიცია, რომ თუნდაც ძლიერ, გამოცდილ მეტოქეებს გავუწიო კონკურენცია (იღიმება). „ნიჭიერში“, სულ რაღაც, სამი სიმღერის მღერა მომიწევდა. იქ ვერ გამოვავლენდი ჩემს შესაძლებლობებს. აქ უკვე იმდენი სიმღერა ვიმღერე და კიდევ უამრავი მიტრიალებს თავში, გულიც მწყდება ზოგიერთ სიმღერებზე, რომ ვერ ვმღერი...
– რომელი ეტაპი იყო შენთვის ყველაზე სანერვიულო, რთული?
– მესამე ლაივი, როცა ქართული სიმღერა ვიმღერე – „ხმალი ავლესოთ ქართველებო“. რომ ამბობდნენ, ქართული სიმღერა ყველაზე რთულად შესასრულებელიაო, ამაში თავად დავრწმუნდი.
– ჟიურის რომელი წევრის შეფასებას ელოდები ყველაზე გაფაციცებით და რომელი მათგანის კომენტარის გეშინია?
– ჩემი მენტორის კომენტარს ვუსმენ ყურადღებით. პრინციპში, ყველას შეფასება მნიშვნელოვანია ჩემთვის, მაგრამ არავისი არ მეშინია. ყველა მაქებს, ამას მივეჩვიე კიდეც (იღიმება).
– შენს მეგობართან, თამართან ერთად მოგიწია აუტსაიდერებში დგომა. ყველა ტიროდა თქვენ გარდა. როგორ მოახერხეთ ემოციების მოთოკვა?
– თამარი ერთხელ უკვე იდგა აუტსაიდერებში და გამოცდილება ჰქონდა. მეც რატომღაც წინასწარ ველოდი ამ შედეგს. იმიტომ რომ უკვე ცოტანი ვიყავით.
– შენი მენტორის ცრემლები დაინახე სცენიდან?
– კი, დავინახე. მეც და თამარსაც გაგვიხარდა, გიორგიმ არჩევანი რომ არ გააკეთა, მაგრამ მისი ცრემლები ნამდვილად არ მესიამოვნა. ვინერვიულე, რომ ეტირებოდა.
– ფეხბურთი გიყვარს, გავიგე...
– მიყვარს, მოყვარულის დონეზე ვთამაშობ, მაგრამ, რადგან მომღერლობა გადავწყვიტე, ფეხბურთს პროფესიონალურად ვეღარ გავყვები, დიდი დრო მიაქვს.
– რა არის შენთვის „იქს ფაქტორი“, რა მოგცა ამ პროექტმა?
– გამოცდილება, შევიძინე ახალი მეგობრები, გავიცანი ცნობილი სახეები... ცნობადობა მომიტანა. ქუჩაში მოდიან, მიღიმიან, მესალმებიან, ფოტოებს იღებენ ჩემთან.
– ფილარმონიის უკანა კართან არაერთხელ მინახავს, როგორ ყვირიან შენი ფანები შენი დანახვისას...
– (იცინის) ზოგი ჩემი მეგობარია, ზოგიც – უცხო. ძალიან მიხარია, ამდენი გულშემატკივარი რომ მყავს. სანამ გარეთ გამოვალ, კარის მინებზე აბრახუნებენ ხოლმე. ამ დროს თავი ნამდვილი ვარსკვლავი მგონია (იცინის). ჩემს სახელს ყვირიან, ხელში ამიყვანენ ხოლმე და მაღლა მაგდებენ.
– შეყვარებული ხარ?
– არა (იღიმება)...
– არა, თუ პირადზე არ საუბრობ?.. ასე ამბობენ ხოლმე სელებრითები...
– (იცინის) ჰო, ეს ჩემი პირადია და არ ვსაუბრობ.
– ამ პროექტის გამო, ალბათ, სკოლის გაცდენამ არაერთხელ მოგიწია. მასწავლებლები ხომ არ გიბრაზდებიან?
– არა, კარგი მასწავლებლები მყავს, მგულშემატკივრობენ და გაცდენებსაც მპატიობენ.
– ვინ არის შენთვის მთავარი გულშემატკივარი, ვის ეკითხები პირველს აზრს?
– მშობლები... დედა ძალიან ნერვიულობს ხოლმე. ვნახე, როგორ ტიროდა დედა, როცა აუტსაიდერებში ვიდექი. მეც, როცა იქ ვიდექი, მშობლებზე ვფიქრობდი, ახლა, ალბათ, როგორ ნერვიულობენ-მეთქი.
– რას გვიპირებ შემდეგ ტურში?
– სამი სიმღერა უნდა შევასრულოთ. ერთი უკვე ნამღერებიდან უნდა ამოვარჩიო საუკეთესო, ერთი „ბითლზის“ ტურია და ერთიც ჩემი საყვარელი სიმღერა.
– რას ეტყვი შენს გულშემატკივარს?
– მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ვიცი, რომ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ აუტსაიდერებში არ ვმდგარიყავი, მაგრამ ასე მოხდა. ახლა ათმაგად მჭირდება მათი მხარდაჭერა. ძალიან ვნერვიულობ.
ნინო მჭედლიშვილი
„პრაიმტაიმი“