დიპლომატი, უნივერსიტეტის პროფესორი გია ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ბერშუეთში საზღვრის გადმოწევაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და ვერცერთი ხელისუფლება სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან კრიტიკას ვერ გაექცევა.
როგორც ჯაფარიძემ "პრაიმტაიმს" განუცხადა, მისი ინფორმაციით, ბანერი ივნისის თვეში გაჩნდა, რაზეც ხელისუფლებას განცხადება არც კი გაუკეთებია.
"რამდენადაც ვიცი, სოფელს ბერშუეთთან ახალი ბანერი აღმართეს. ველაპარაკე იქ ჩვენ გვაყვს მეგობრები და მხარდამჭერები და ვნახე ევროპის კავშირის მონიტორინგის მისიის განცხადებაც, რომლითაც ჩანს, რომ ეს ბანერი რამდენიმე დღის წინ გაჩნდა, ივნისის თვეში. ივნისში ხელისუფლების მხრიდან არაფერი გაგვიგია იმის შესახებ, რომ კიდევ ახალი ბანერია გაჩენილი, სანამ ის კონკრეტული მაცხოვრებელი არ მივიდა და აღმოაჩინა, რომ საკუთარ ნაკვეთში ოკუპანტებმა ახალი ბანერი დაარჭვეს. ბუნებრივია, ყველაფერი, რაც ხდება ქვეყანაში, მასზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ვერცერთი ხელისუფლება, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან ამ კრიტიკას ვერ გაექცევა. უცნაურია, როცა ახალი ბანერი ჩნდება, რატომ იმალება ეს ხელისუფლების მხრიდან", - განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, ყველაზე მთავარი, რაშიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულები უნდა ვიყოთ, ეს არის ის, რომ იმ ფორმატით, რომელსაც კარასინი-აბაშიძის ფორმატს ვუწოდებთ, როდესაც ეს ფორმატი იქმნებოდა 2012 წლის ბოლოს, წინასაარჩევნო დაპირებების დროს, არ უნდა შეექმნათ ის მოლოდინი, თითქოს ასეთი ტიპის დიალოგით რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას შევძლებდით.
"ხედავთ, რომ ეს ასე არ ხდება და რუსეთი ცდილობს ახალ-ახალი ტერიტორიები მიიტაცოს. მეორე, რაც მინდა ვთქვა, ეს არის რუსეთის მხრიდან პროვოკაცია. თუ ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ადმინისტრაციული საზღვრის გავლება ხდება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ, მაშინ რატომ არ ხდება ეს ერთ დღეში?! ცხადია, ეს მათ ინტერესში არ არის, ეს არის მათთვის მიზეზი, რუკები და თვეში ერთხელ, ან ორჯერ ასეთი ნაბიჯებით ცდილობენ საქართველოს, როგორც თავისუფალი სახელმწიფოს და მისი საერთაშორისო პარტნიორების დისკრედიტაციას. მესამე, რაც ასევე უნდა აღინიშნოს, ყველაზე მეტად საკრიტიკო რაშიც არის ხელისუფლება, არის ის, რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში ვერ მოახერხეს მცოცავი ანექსიის საწინააღმდეგოდ ეფექტური სტრატეგიის ჩამოყალიბება, რომელსაც შემდეგ ასევე ეფექტური იმპლემენტაცია მოყვებოდა. სანამ ასეთი სტრატეგია არ იარსებებს, მანამდე ხელისუფლებასაც ექნება ასეთი ტიპის პრობლემები და რუსეთიც ყოველთვის შეძლებს მანიპულირებას. ხელისუფლებამ ეს უნდა გააკეთოს ძირითად პოლტიკურ ძალებთან კონსოლიდაციის, მათი ჩართულობის გზით, უნდა გვქონდეს სტრატეგია, მყისიერად განგაში უნდა ავტეხოთ და საერთაშორისო მხარე ჩავრთოთ ამ პროცესებში, რომ მყისიერი რეაქცია ჰქონდეთ, უნდა გამოვიდეთ სირაქლემის პოზიციიდან, რომ რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ. მეტი რაღა უნდა გავაღიზიანოთ, ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს და კიდევ იკავებს. არასდროს ასეთ უპრინციპო პოზიციას შედეგი არ მოუტანია, მითუმეტეს რუსეთთან მიმართებაში. სანამ არ გვექნება ანტიანექსიური სტრატეგია, რომელიც დღეს არ გვაქვს, არ გვეცოდინება, როგორ გავუმკლავდეთ ასეთ ფაქტებს", - განაცხადა ჯაფარიძემ.