ბერშუეთში ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის ბანერთან მისასვლელად პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია ჩავიდა. როგორც მან განაცხადა, მეგობრებისგან გაიგო სტუდენტებისგან დაანონსებული აქციის შესახებ და გადაწყვიტა, რომ აქციაზე მისულიყო. მან ყურადღება არ მიაქცია ადგილზე მობილიზებულ პოლიციას და მათი ნებართვის გარეშე აპირებდა ბანერთან მიახლოებას.
პოლიცია მას დაედევნა და შეაჩერა, რის შემდეგაც ცოტნე გამსახურდია და სამართალდამცავები შეთანხმდნენ, რომ მათი თანხლებით მიიყვანდნენ ზუსტად იმ მანძილზე, სადაც ცოტა ხნის წინ სტუდენტებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.
"გავიგე, რომ სტუდენტები მართავდნენ აქციას და ვიფიქრე, რომ სტუდენტები მიდიან აქციაზე და ამხელა ყაზილარი სახლში ხომ არ ვიჯდებითქო. მინდა, რომ ჩემი ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფლად ვიარო", - განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.
ის უკვე დაბრუნდა იმ ადგილზე, სადაც სტუდენტებმა ცოტა ხნის წინ კარვები გაშალეს.