საერთაშორისო მედია ტრამპისა და პუტინის შეხვედრას აფასებს - ,,აუცილებელი , თუმცა არა პატივი"

10:55 07-09-2017
226

ამერიკული და ბრიტანული მედია ტრამპისა და პუტინის შეხვედრას აანალიზებს. დადებითად შეაფასეს ის ფაქტი, რომ დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ამერიკის პრეზიდენტმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვის თემა წამოწია. თუმცა, The New York Times-ს ეჭვი ეპარება, რომ ტრამპი ამ პრობლემის მნიშვნელობას აღიქვამს, ამიტომაც მოუწოდებს მას, არ მისცეს რუსეთს გავლენების გაფართოების საშუალება. 

The Washington Post-ის აზრით, შეხვედრა ნამდვილად აუცილებელი იყო, თუმცა, არა პატივი. „ეს პატივია, ვიყო აქ, თქვენ გვერდით“, – ასე მიმართა ამერიკის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს შეხვედრის დროს. და სწორედ ამ ფრაზის საპასუხოდ დაასათაურა თავისი სარედაქციო წერილიც The Washington Post-მა. წერილში ნათქვამია: არა, არასწორია. ურთიერთობა გქონდეს რეჟიმის ლიდერთა, რომელიც უვარდება მშვიდობიან მეზობლებს, საიდუმლოდ ერთვება დემოკრატიული ქვეყნების საარჩევნო კამპანიაში, რეჟისორობას უწევს და იტანს ოპოზიციური ლიდერების მის ტერიტორიაზე მკვლელობას, ეს პატივი არ არის.   

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ტილერსონის განმარტებით, ორი პრეზიდენტი ორ ძირითად საკითხზე შეთანხმდა. ეს არის სირია და მომავალში სრული ჩაურევლობა სხვა ქვეყნების საარჩევნო პროცესში. მისივე განმარტებით, ამ სფეროებში თანამშრომლობის თეორიული შანსი არსებობს. 

The Wall Street Journal-ის შეფასებით, თავად ის ფაქტი, რომ ტრამპისა და პუტინის შეხვედრას მხოლოდ ლავროვი და ტილერსონი ესწრებოდნენ, იმის მანიშნებელია, რომ მხარეებმა ერთმანეთი „დაზვერეს“. როგორც ცნობილია, როგორც ერთი, ისე მეორე მოწინააღმდეგის შეფასების სიზუსტით გამოირჩევა. ტრამპს ხომ ვაჭრობის სფეროში ბადალი არ ჰყავს, პუტინს კი „კაგებეს“ გამოცდილება უმაგრებს ზურგს. ასე რომ, ისინი ერთმანეთს ზუსტ შეფასებებს მისცემდნენ. 

დასავლური პრესა და ექსპერტები მაინც ვერ პოულობდნენ მთავარ კითხვაზე პასუხს, სამიტამდე ერთი დღით ადრე რატომ მოუწოდებდა პოლონეთში ვიზიტად მყოფი ტრამპი პუტინს, შეეწყვიტა უკრაინაში დესტაბილიზაცია და ირანსა და სირიაში სისხლიანი რეჟიმის მხარდაჭერა. მეორე დღეს კი უკვე პირისპირ შეხვედრაზე ტრამპმა მას ხელი გაუწოდა სიტყვებით: ეს ჩემთვის პატივია. 
როგორც დასავლეთის მედია წერს, გამოუცდელი ტრამპისთვის პირველი ასეთი შეხვედრა პუტინთან მძიმე იქნებოდა, თუმცა, მან, ასე თუ ისე, ამ ამოცანას თავი გაართვა. 
როგორც წერენ, ტრამპმა შეთანხმებას მიაღწია სირიის საკითხში, სანქციები კი ისევ დღის წესრიგში დგას და მის მოხსნაზე საუბარიც კი არ ყოფილა. 

ექსპერტების შეფასებით, ზოგჯერ დასავლური ლიდერები სერიოზულ და გაუმართლებელ დათმობებზე წავიდნენ, როგორც ეს მოხდა 1938 წელს მიუნხენში და 1945 წელს იალტაში. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი კრიტიკის ქარცეცხლში გახვიეს და ის არაპოპულარულ განცხადებებს აკეთებდა, როგორც ჩანს, სერიოზული შეცდომა მას არ დაუშვია, ასეთია ექსპერტების ვარაუდი. 

მოგვიანებით მედიაში ხმაური ატყდა იმასთან დაკავშირებით, რა თქვა კონკრეტულად რუსეთის მხრიდან ამერიკის საარჩევნო პროცესში რუსი ჰაკერების ჩართულობასთან დაკავშირებით. ლავროვის განმარტებით, ტრამპმა არა მხოლოდ მოისმინა პუტინის პასუხი ამ საკითხზე, არამედ მიიღო კიდეც. რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით არანაირი ჩართულობა მოსკოვის მხრიდან არ ყოფილა. მაშინ როცა ტილერსონს სიტყვა მიღება არ უხსენებია. 

საბოლოო ჯამში, როგორც მიიჩნევენ, პუტინს თავისი 18-წლიანი სერიოზული გამოცდილებით გამოუცდელმა და პოლიტიკაში ახალფეხადგმულმა ტრამპმა გმირულად გაუძლო და გადარჩა. 



ავტორი: სალომე ჩადუნელი