როგორც განმარტავენ, ადრე რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრა გაცილებით მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.
2000 წელს ბილ კლინტონი ვლადიმირ პუტინს მოსკოვში შეხვდა. კლინტონს უკვე საპრეზიდენტო ვადა ეწურებოდა, პუტინი კი ახალი არჩეული იყო. ამ გაცნობიდან ნახევარი წლით ადრე კლინტონი იმედიანად იყო განწყობილი, მან თქვა, რომ პუტინთან ერთად ის შეძლებს ბევრი კარგი საქმის გაკეთებას.
მაშინ როგორც კლინტონი, ისე პუტინი მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემის დემონსტრირებას ცდილობდნენ. კლინტონმა პუტინს ძალიან კომფორტული და სასიამოვნო მოსაუბრე უწოდა.
ექსპერტების შეფასებით, პუტინი მაშინ ნამდვილად ჩანდა ძალიან მიმზიდველი, მით უფრო კლინტონთან. მას კარგად ესმოდა, რომ თეთრ სახლს მალე ახალი პატრონი ეყოლებოდა, შესაბამისად, ბილი მას დიდად არც სჭირდებოდა.
როგორც იხსენებენ, მოგვიანებით პუტინმა ბილ კლინტონთან შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ ამერიკის პრეზიდენტს რუსეთის ნატოში გაწევრიანება შესთავაზა. ამ ისტორიის პუტინისეული ვერსია ასეთია: „ის ჩამოვიდა მოსკოვში და დისკუსიის დროს მე მას ვუთხარი: ეგებ ვნახოთ ასეთი ვარიანტიც – რუსეთი გახდეს ნატოს წევრი“. „რატომაც არა, მე წინააღმდეგი არა ვარ“, – მიპასუხა კლინტონმა და ამ დროს ამერიკის დელეგაცია ძალიან დაიძაბა“, – ყვება პუტინი.
ვლადიმირ პუტინისა და ჯორჯ (უმცროსი) ბუშის პირველი შეხვედრა 2001 წელს შედგა. მათ სლოვენიამ უმასპინძლა. ლიუბლიანის ციხესიმაგრის კიბეებზე ისინი სანდომიანად იღიმოდნენ და ერთმანეთს მხოლოდ კომპლიმენტებს ეუბნებოდნენ. ბუში მაშინ ირწმუნებოდა, რომ პუტინთან ბევრი საერთო იპოვა.
წინააღმდეგობრივი საკითხები ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში მაშინაც იყო, თუმცა, ბუში პუტინისადმი კეთილგანწყობას არ მალავდა. მან რუსეთის პრეზიდენტი ტეხასში საკუთარ რანჩოზეც კი მიიპატიჟა. 2011 წლის 11 სექტემბერს პუტინმა, პირველ რიგში, ბუშს დაურეკა და დახმარება შესთავაზა.
რამდენიმე თვის შემდეგ კი პუტინი მართლაც ეწვია ბუშს რანჩოზე და მათ მეგობრობისა და ურთიერთგაგების სრული დემონსტრირება მოახდინეს.
2002 წლის მაისში ბუში სანკტ-პეტერბურგს ეწვია. ისტორიული ძეგლების მონახულება მან ერმიტაჟით დაიწყო. მუზეუმის დარბაზებში სიარულის დროს იგი ეკატერინე დიდის პორტრეტთან შეჩერდა და იკითხა: „და სად არის პოტიომკინი?“ – ამით მან რუსული ისტორიის კარგად ცოდნის დემონსტრირება მოახდინა. ამ ეპიზოდის შესახებ პუტინმა მოგვიანებთ უკვე სტუდენტებთან მათი შეხვედრის დროს ისაუბრა. ის შეეცადა, ბუშის დემონსტრაციული ჟესტი იუმორში გადაეტანა და ამიტომაც სტუდენტებს შესთავაზა, ისტორიის გარშემო მისთვის მარტივი კითხვები დაესვათ, ბუშისთვის კი – რთული.
სრულიად განსხვავებული ისტორია აქვს ბარაკ ობამას. ის პუტინს პირველად რუსეთში, პოდმოსკოვიეში შეხვდა. ნოვო-ოგარევოს ვილაზე ამერიკის ახლად არჩეულ პრეზიდენტს რუსული ტრადიციების სრული დაცვით შეხვდნენ – რუსული სამოვარითაც კი. საუბარი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. ორი საათის შემდეგ მედიამ შენიშნა, რომ პუტინი კარგ ხასიათზე იყო და იღიმოდა, ობამა კი უფრო თავშეკავებული ჩანდა. ექსპერტების დაკვირვებით, თუკი ობამა მოსკოვში გამგზავრებამდე ამბობდა, რომ პუტინი ცალი ფეხით წარსულში დარჩა, ტრადიციული წესით მოდუღებული ჩაის მირთმევის შემდეგ მან თქვა, რომ პუტინის შეხედულებები მხოლოდ მომავლისკენ არის მიმართული.
რუსეთში პირველ ვიზიტამდე ვაშინგტონმა «перезагрузк“ გამოაცხადა თუმცა მედიაში შეცდომით «перегрузк» დაიწერა და ექსპერტები შემდეგ შენიშნავდნენ, რომ ის, რაც შეცდომით დაიწერა, რეალობად იქცა. ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები დაიძაბა. სირიის თემაზე დაპირისპირება მკვეთრი გახდა და მალე უკმაყოფილება რუსეთის მთელ პოლიტიკაზე გავრცელდა. მათ შორის, გეიპროპაგანდის აკრძალვის გამო, არასამთავრობო სექტორის შეზღუდვის გამო, ამერიკელებისთვის რუსეთში შვილად აყვანის აკრძალვის გამო და ასე შემდეგ.
პუტინი და ობამა ერთმანეთს რამდენჯერმე კიდევ შეხვდნენ, თუმცა, ნოვო-ოგარევოში შეხვედრა მათ შორის ერთადერთი თბილი და ადამიანური ურთიერთობა იყო.