,,უნდა ვაღიაროთ, რომ ტრამპი პუტინის მიმართ კატეგორიული არ იყო..მთავარია შემდგომი ქმედება" - ორი ლიდერი პირისპირ

16:10 07-09-2017
265

დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს პირისპირ პირველად შეხვდნენ. შეხვედრა 2 საათზე მეტი გაგრძელდა. ამერიკის სახელმწიფო მდივნის ტილერსონის განმარტებით, ორი პრეზიდენტი ორ ძირითად საკითხზე შეთანხმდა. ეს არის სირია და მომავალში სრული ჩაურევლობა სხვა ქვეყნების საარჩევნო პროცესში. მისივე განმარტებით, ამ სფეროებში თანამშრომლობის თეორიული შანსი არსებობს. 
 საერთაშორისო მედია ორი ლიდერის შეხვედრას აქტიურად აშუქებს და აანალიზებს, მსჯელობენ იმ სავარაუდო საკითხებზე, რომელიც დახურული კარიდან  გარეთ არ გამოვიდა და იმ პროცესებზე, რომელიც ტრამპისა და  პუტინის შეხვედრას შეიძლება მოჰყვეს. 

საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტის ნიკა ჩიტაძის თქმით, კი  შეხვედრაზე მნიშვნელოვანია ის პროცესები და ნაბიჯები, რომელსაც ამერიკა შეხვედრის შემდეგ რუსეთთან მიმართებით გადადგამს. 

ნიკა ჩიტაძე: ,, რა თქმა უნდა, ყველა აქტუალურ საკითხს ორივე ლიდერი მიმოიხილავდა, თუმცა საკითხში, რომელიც შეეხო სირიის კრიზისს, უთანხმოება არსებობდა და არსებობს. რუსეთი უჭერდა და უჭერს მხარს ასადის რეჟიმს, ხოლო აშშ-ი ასადის რეჟიმის წინააღმდეგ გამოდის, იგივე შეიძლება ითქვას უკრაინაზე. საქართველო ტრამპს უშუალოდ არ უხსენებია, მაგრამ იგულისხმებოდა, რომ რუსეთმა საკუთარი იმპერიალისტური ამბიციები პოსტსაბჭოთა სივრცეში უნდა დაიოკოს. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ შეხვედრაზე ტრამპი და მთელი ვაშინგტონი რუსეთის მიმართ კატეგორიული არ იყო, მაგრამ, საერთო ჯამში, მგონია, რომ ამერიკამ რუსეთის მიმართ თავისი პოლიტიკა და პოზიციები უნდა გაამკაცროს. ევროპულ ქვეყნებს მიმართა ტრამპმა, რომ აშშ-დან უნდა განახორციელონ გაზის იმპორტი ევროპაში -  ეს მნიშვნელოვანი მოწოდებაა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთის მიმართ არსებულ სანქციებზე, რუსეთს დარტყმა სწორედ ენერგეტიკის სფეროში უნდა მიაყენონ. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკა დღევანდელ დღეს ბუნებრივი აირის მთავარი მომპოვებელია. ბოლო სამი წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც აშშ-ს ტერიტორიაზე აითვისეს გაზის მარაგები, ბუნებრივი აირის მოპოვებით აშშ უსწრებს რუსეთს. ამიტომ არსებობს გარკვეული პერსპექტივები, რომ ამერიკიდან ევროპის მიმართულებით უნდა მოხდეს გათხევადებული გაზის ტრანსპორტირება, თუმცა ბევრია დამოკიდებული ენერგეტიკულ კომპანიებზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამერიკას არ ჰყავს საკუთარი გაზპრომი ანუ სახელმწიფო მონოპოლისტი, მაგრამ ასე მგონია, რომ ამერიკის ენერგეტიკულ კომპანიებს სახელმწიფოს მხრიდან მოტივაცია უნდა მიეცეთ. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ენერგეტიკულ კომპანიებს თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები გააჩნია. შეხვედრა უნდა შემდგარიყო დიდი ოცეულის ფარგლებში. ეს არ იყო გამონაკლისი შეხვედრა აშშ-სა და რუსეთის ლიდერებს შორის. ამერიკა გააგრძელებს თავისი სტრატეგიის განხორციელებას და რუსეთი თავისას და ენერგეტიკის პოლიტიკა ერთ-ერთია ამერიკის სტრატეგიიდან, რომელიც ემსახურება რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენის შესუსტებას ენერგეტიკული ბერკეტების ამოქმედებით საერთაშორისო ასპარეზზე. 

- თქვენ აღნიშნეთ, რომ აშშ-ს უნდა გაამკაცროს თავისი პოლიტიკა რუსეთის მიმართ. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ამ შეხვედრიდან? ტრამპი აპირებს ამას თუ კეთილგანწყობილია რუსეთის მიმართ?

- მე იმედი მაქვს, რომ ტრამპი აპირებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, ამიტომ ვახსენე ტრამპის მოწოდება პუტინთან შეხვედრამდე ევროპელი ლიდერების მიმართ, რომ მათ განახორციელონ ამერიკული ბუნებრივი გაზის იმპორტი ევროპულ ბაზარზე. ამერიკა დემოკრატიული ქვეყანაა და აქედან გამომდინარე ყველაფერს პრეზიდენტი არ წყვეტს,მიუხედავად ფართო ძალაუფლებისა. რეიგანსა და გორბაჩოვს შორისაც იმართებოდა შეხვედრები, გვახსოვს ისტორიული წყაროებიდან. მიუხედავად შეხვედრებისა, რომელიც თითქოს თბილ გარემოსი იმართებოდა, ამერიკა დგამდა კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელმაც საბოლოოდ მსოფლიო სოციალისტური სისტემისა და სსრკ-ს, როგორც მსოფლიოს უკანასკნელი იმპერიის დაშლა გამოიწვია. მთავარია შემდგომი ქმედება ამერიკის მხრიდან, იმედი მაქვს აშშ განახორციელებს კონკრეტულ ნაბიჯებს რუსეთის მიმართ, რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენის შესუსტების მიზნით. 

- და ბოლოს გკითხავთ, საერთაშორისო მედია  სამიტის განმავლობაში მსჯელობს, რომელი ლიდერი იყო დომინანტი შეხვედრის დროს, ვინ მოახდინა ძალაუფლების დემონსტრირება და სხეულის ენის ექსპერტებსაც რთავენ ამ მსჯელობაში,. თქვენ როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ რომელი ლიდერი იყო უპირატესი?

-  ორივე ქვეყანა გამოდის თანაბარი სიძლიერის მქონე სახელმწიფო, მაგრამ ეს არის გარეგნული მხარე. მთავარი ხელის ჩამორთმევა არ არის.მთავარია შემდგომში ის პრაქტიკა, რომელსაც აშშ გაატარებს თავის მოკავშირეებთან ერთად რუსეთის მიმართ. ამ შემთხვევაში ორი თანაბარი ძალის ლიდერი ხვდებოდა ერთმანეთს, მაგრამ რეალობა არის ის რომ აშშ-ს ეკონომიკა 17-ჯერ ძლიერია ვიდრე რუსეთის და უფრო მეტს ხარჯავს აშშ თავდაცვაზე, ვიდრე რუსეთი. ამ შემთხვევაში აშშ უფრო ძლიერია.