ზაზა ბიბილაშვილი ალეკო ელისაშვილს თანხის მითვისებაში ადანაშაულებს

19:22 07-10-2017
547

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერი ზაზა ბიბილაშვილი თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს თანხის მითვისებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ის ნინია კაკაბაძის "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული ერთ-ერთი პოსტის პასუხად წერს.

ზაზა ბიბილაშვილის თქმით, ალეკო ელისაშვილმა პროკრედიტ ბანკიდან 7000 დოლარი გამოიტანა მისი და ვინმე გოგა კობალაძის თავდებით საერთო საქმისთვის, რომელიც არ გადაიხადა.

"ალეკო ელისაშვილი წვრილმანი თაღლითია. ყარაჩოღლის ტყავში გამოწყობილი კინტო. სხვისი ფული აქვს შეჭმული არაერთხელ, რასაც არაერთი მოწმე ყავს. და ეს კერძო სექტორში. ხელისუფლებაში რო იყოს, რას იზამს, ადვილი წარმოსადგენია" - წერს ზაზა ბიბლაშვილი.

ოპონენტების, მაგალითად ნინო ჯანგირაშვილის კითხვაზე, აქვს თუ არა ამის დამადასტურებელი დოკუმენტები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აშკარა ცილისწამებაა, ზაზა ბიბილაშვილი პასუხობს, რომ ფაქტის დადასტურება დოკუმენტებით შეუძლია:

"7000 დოლარი გამოიტანა პროკრედიტ ბანკიდან ჩემი და გიგა კობალაძის თავდებით, საერთო საქმისთვის. ფული შეჭამა. კრედიტი დავფარეთ ჩვენ." - წერს ზაზა ბიბილაშვილი.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე