ბაჯელიძის ბრალდებებს „ქალი და ბიზნესის“ ხელმძღვანელი ნინო ელიზბარაშვილი პასხობს – ის აუცილებლად აგებს პასუხს

22:09 07-10-2017
249

გიორგი ბაჯელიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და ის აუცილებლად აგებს პასუხს ამ ბრალდებებისთვის, – ამის შესახებ „კვირასთან“ ინტერვიუში არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალი და ბიზნესის“ ხელმძღვანელმა ნინო ელიზბარაშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ბრალდებები პირადად ჯერ არ მოუსმენია, თუმცა მას გადასცეს ინფორმაცია და  ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციის“ დამფუძნებელს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის აუცილებვლად გასცემს საკადრის პასუხს.

„პირადად არ ვიცნობ ბაჯელიძეს, მე მისი განცხადება ჯერ არ მომისმენია, თუმცა რაც გავიგე, აბსოლუტური ტყუილია. ჩვენი ორგანიზაცია  2006 წლიდან მუშაობს პატიმრების რესოციალიზაციასა და რეაბილიტაციის საკითხებზე, ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც საპატიმრო დაწესებულებებში პატიმარ, პრობაციონერ და ყოფილ მსჯავრდებულ ქალთა რეინტეგრაციის ხელშეწყობისთვის დავიწყეთ მუშაობა.

ამ მხრივ  საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით არაერთი პროექტი განვახორციელეთ, რამდენიმე წლის წინ  ევროკავშირის გრანტი მოვიგეთ და სასჯელაღსრულოების დაწესებულებაში დავაფუძნეთ მცირე სოციალური სამკერვალო საწარმო. პატიმრებმა დაწესებულებაში ჭრა-კერვის კურსები გაიარეს და მკერავის პროფესიას დაეუფლნენ. საერთაშორისო ორგანიზაციის გრანტის დახმარებით ეს სოციალური საწარმო  შესაბამისი ტექნიკური ბაზით აღჭურვილი იყო.  თავდაპირველად ეს კურსი სულ ასამდე ქალბატონმა გაიარა.  მოგვიანებით კი მათგან 33 ქალი შევარჩიეთ და მათ შრომითი კონტრაქტები გავუფორმეთ. ვიდრე სამინისტროში   ტენდერი გამოცხადდებოდა,  ჩვენი დახმარებით მათ უკვე ჰქონდათ დაწესებულების გარედან კონკრეტული შეკვეთები.

შარშან, სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერით კი შესაძლებლობა მოგვეცა პროექტი გაგრძელებულიყო. პატიმრები იღებენ შეკვეთებს თეთრეულის კერვაზე. დღეს მათ უკვე შეუძლიათ არამხოლოდ საკუთარი შემოსავალი გაიჩინონ, არამედ,  დაწესებულების გარეთაც ეხმარებიან ახლობლებს.

ეს ჩვენს მიერ მოგებული მეორე ტენდერია, თუმცა აქამდე წლების განმავლობაში არაერთი სოციალური პროექტი გვაქვს განხორციელებული.  რაც შეეხება თავად ტენდერს, ის კანონის სრული დაცვით წარიმართა, ჩვენს გარდა სხვა ორგანიზაციებიც მონაწილეობდნენ და არანაირი გამარტივებული წესი და  პრივილეგია არ ყოფილა.  ჩვენმა ორგანიზაციამ ყველა ის კრიტერიუმი დააკმაყოფილა, რაც  ტენდერის პირობებით მოთხოვნილი იყო.

ვინც არ იცის, აქვე განვმარტავ, რომ  მსგავსი სოციალური პროექტი არ არის კომერციული,  ამ შემთხვევაში ხდება რეინვესტირება იმ შემოსული თანხების, რასაც საწარმო ტოვებს და  დაკვეთებიდან შემოსული თანხები ისევ მისი საქმიანობის გაფართოებას ხმარდება, ასევე აქ დასაქმებული ქალბატონების ხელფასებს.

ჩვენი მიზანია მჯავრდებულებს შევუქმნათ მეტი შესაძლებლობა, რომ ის დრო, რომელსაც დაწესებულებაში ატარებენ პოზიტიური, კარგი აქტივობებისთვის გამოიყენონ, რომელიც საკუთარ თავში რწმენას და ახალშეძენილი უნარებით შემოსავალს მისცემს. პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება მათ შესაძლებლობას მისცემს განთავისუფლების შემდეგ დასაქმდნენ და სტაბილური ცხოვრება ჰქონდეთ,

როგორ შეიძლება მსგავსი სოციალური და მნიშვნელოვანი პროექტის შემდეგ მსგავსი განცხადებების კეთება?  იმის მაგივრად, რომ მსგავსი აქტივობების განხორციელებისას ყველა ამოუდგეს სახელმწიფოს მხარში, ასეთ ცრუ ბრალდებებს ავრცელებენ! საერთოდ იცნობს ბაჯელიძე ჩვენს ორგანიზაციას, რომელმაც წლების განმავლობაში არაერთი მასშტაბური პროექტი განახორციელა? ის  აუცილებლად აგებს პასუხს დეზინფორმაციისთვის!

დღეს სასჯელაღსრულებას ჰყავს მინისტრი, რომელიც ყველანაირად ცდილობს ჯანსაღი გარემო შექმნას პენიტენციალურ დაწესებულებებში, მას მსგავსი სოციალური პროექტების მნიშვნელობა კარგად იცის და ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებს კიდეც”, – აცხადებს ნინო ელიზბარაშვილი.

ავტორი: ლილუ მიროტაძე