არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" დამფუძნებელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი გიორგი ბაჯელიძე აცხადებს, რომ მისი მიზანი პირადად სასჯელაღსრულების მინისტრის კახა კახიშვილის დისკრედიტაცია არ არის.
როგორც ბაჯელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, კახიშვილის გუშინდელი განცხადების შემდეგ მის მიმართ სიმპათიითაც განეწყო და მზად არის შეხვდეს კიდევ, რათა სიტუაციაში უკეთ გაერკვნენ.
მისი თქმით, მინისტრი არ არის ვალდებული ტენდერებთან დაკავშირებულ მონაცემებს ფლობდეს.
"არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ ვთანამშრომლობ. მზად ვარ გავშალოთ კარტები. 17 წელია შესყიდვებზე ვმუშაობ და ვიცი რასაც ვამბობ. არც ნაცების და არც ქოცების მომხრე არ ვარ, უბრალოდ ვეხმარები. ჩვენ ვართ არასამთავრობო, რომელიც სვამს კითხვებს",- განაცხადა ბაჯელიძემ, რომელმაც ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების სამინისტროში მიმდინარე სატენდერო დოკუმენტები წარუდგინა სამ კომპანიასთან დაკავშირებით, რომლებიც მისი ვარაუდით კორუფციულ გარიგებაში იმყოფებიან.
კითხვაზე, რა მტკიცებულებების წარდგენას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ საქმე სასამართლომდე მივა, ბაჯელიძე ამბობს, რომ გარდა რეესტრიდან ამონაწერის და სატენდერო ხელშეკრულებებისა, რომელიც საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომია, არასამთავრობოს სხვა არაფერი გააჩნია და იმის გამო, რომ ხელშეკრულებებს გრიფი "საიდუმლო" ადევს სერიოზულ ეჭვებს აჩენს, რომ ხელშეკრულებები კანონდარღვევით არის დადებული.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ბაჯელიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სუს-ის ხელმძღვანელის ნათესავის კომპანიას სასჯელაღსრულების სამინისტროსთან გამარტივებული წესით არაერთი კონტრაქტი აქვს გაფორმებული. მის ამ განცცადებას გუშინ სასჯელაღსრულების მინისტრი გამოეხმაურა და ბრალდება უარყო. მინისტრი გეგმავს, რომ ბეჯელიძეც დეზინფორმაციის გავრცელებისათვის სასამართლოში უჩვლოს.
ავტორი: ლილუ მიროტაძე