ციხე გასაიდუმლოებული ობიექტია და მასზე დაშვება ყველას ვერ ექნება - კახიშვილის უწყება ბაჯელიძეს პასუხობს

18:17 07-11-2017
211

ციხე არის გასაიდუმლოებული ობიექტი და მასზე ნებისმიერ კომპანიას დაშვება ვერ ექნება - ასე პასუხობს კახიშვილის უწყება შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი ბაჯელიძის ბრალდებას, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო პატიმრების კვებაზე  გასაიდუმლოებულ შესყიდვებს ატარებს.

„პრაიმტაიმს“ სასჯელაღსრულების სამინისტროში განუმარტეს, რომ ზოგადად ტენდერების თუ ელექტრონული პროცედურების გზით კომპანიების შერჩევა სწორედ ახალი ხელისუფლების პირობებში დაინერგა, ვინაიდან მანამდე ყველა ასეთი შესყიდვა მთავრობის შესაბამისი დადგენილებით, ერთ პირთან მოლაპარაკებების გზით  ხდებოდა, ხელშეკრულებები კი, როგორც პატიმრების კვებაზე და ასევე ციხის მაღაზიების ფუნქციონირებზე, უფორმდებოდა მაშინდელ ხელისუფლებასთან დაახლოებულ ერთსა და იმავე კომპანიას. 

„სწორედ კახი კახიშვილის მინისტრობის დროს დაინერგა ელექტრონული პროცედურით მომსახურების შესყიდვის  პრაქტიკა და პრეტენდენტების შერჩევა ხდება სრულიად გამჭირვალედ. ჩვენ ერთმანეთისგან გავმიჯნეთ ციხის მაღაზიის პირადპირი წესით სარგებლობაში გადაცემა და პატიმრების კვებაზე გამოცხადებული ტენდერი, რასაც მანამდე ერთი და იგივე კომპანია უზრუნველყოფდა და არსებობდა რისკი, რომ მაღაზიიდან მეტი მოგების მიზნით პატიმრებისთვის კვება განზრახ დაეკლოთ ან/და გაეუარესებინათ ხარისხი და საგემოვნო თვისებები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უკანასკნელ პერიოდში ცალ-ცალკე  ცხადდება ციხის მაღაზიის ფუნქციონირებისათვის ელექტრონული აუქციონი და კვებითი მომსახურების უზრუნველსაყოფად ელექტრონული პროცედურა, შესაბამისად ორივე ამ მიმართულებას სხვადასხვა კომპანია განაგებს. რაც შეეხება შეზღუდვას, გარკვეული შეზღუდვა ბუნებრივია რომ არსებობს, რადგან ციხე გახლავთ გასაიდუმლოებული ობიექტი და მასზე ნებისმიერ კომპანიას დაშვება ვერ ექნება, ამასთანავე კვებითი მომსახურების უზრუნველყოფის განახლებული პირობა მოიცავს მომსახურების პერიოდში ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფას სამზარელოს ნაწილში  და დაზიანების შემთვევაში სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, რაც არსებული კანონმდებლობის თანახმად ცალსახად მიუთითებს ხელშეკრულების საიდუმლო ხასიათის ვალდებულებაზე და სწორედ ამიტომ ტარდება ელექტრონული პროცედურა, თუმცა როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ასევე eauction.ge-ზე ეს ინფორმაცია ცხადდება სრულიად ღიად და გამჭირვალედ, შესაბამისად ნებისმიერ კომპანიას, რომელიც აიღებს ნებართვას საიდუმლო დაშვებაზე, შეუძლია შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის მიღება და საუკეთესო შემოთავაზების დაფიქსირების შემთხვევაში გამარჯვება“, - განგვიმარტეს სასჯელაღსრულების სამინისტროში.

კახიშვილის უწყების ინფორმაციით, ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით, კვების სფეროში ოპერირებს სულ 15 მსხვილი კომპანია, რომლებსაც აქვთ დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებაზე, თუმცა სამინისტროს ცნობით, ტენდერის გამოცხადებამდე ინფორმაცია მიეწოდათ სხვა კომპანიებსაც და მათ მიეცათ 3 თვიანი ვადა, რაც სავსებით საკმარისია ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის სურვილის არსებობის შემთხვევაში საიდუმლო დაშვების მოსაპოვებლად.

უწყებაში დახურული ტენდერის აუცილებლობის დამატებით არგუმენტებად ასახელებენ ღია ტენდრის შემთხვევაში არსებულ სერიოზულ საფრთხეებს. მაგალითად, ღია ტენდერის შემთხვევაში ნებისმიერ არაკეთილსინდისიერ კომპანიას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს შესყიდვაში, დააფიქსიროს ყველაზე დაბალი ფასი და უპირატესობაც მოიპოვოს, თუმცა იმის გამო, რომ კომპანია შემოწმებული არ იქნება სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების კრიტერიუმებით, გამორიცხული არ არის არაკეთილსინდისიერი განზრახვების არსებობის შემთვევაში ადგილი ჰქონდეს ისეთ შემთხვევებს, როგორიც არის მაგალითად პატიმრების მასობრივი მოწამვლა, გასაიდუმლოებული ობიექტი დაცვის პარამეტრების დარღვევა და ა.შ.   რაც სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენებს სისტემის ფუნქციონირებას და სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებს.

 

 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე