პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გელათის ტაძართან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში დაბრუნება ყველა ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა მუშაობს, რომ ქუთაისის ისტორიული ლანდშაფტის ზონის ნომინაციაში შეტანის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგას.
"მინდა სხდომა დავიწყო სასიხარულო ამბით, რომელიც ვფიქრობ, ყველა ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გელათის სამონასტრო კომპლექსი დაბრუნდა მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ძირითად ნუსხაში. ვფიქრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. კულტურის სამინისტრომ რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრი იმუშავა, აქტიურად იყო ჩართული საგარეო საქმეთა სამინისტრო. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ მუშაობისთვის. მოგეხსენებათ, 2010 წელს "იუნესკომ" მიიჩნია, რომ ბაგრატის ტაძარზე ჩატარებული სამუშაოები დარღვევით ჩატარდა და ამის გამო, როგორც ბაგრატი, ასევე გელათის მსოფლიო მემკვიდფრეობის ნუსხაში ყოფნა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დაისვა. დღეს ჩვენ დავაბრუნეთ გელათი ამ ნუსხაში. ვმუშაობთ, რომ ქუთაისის ისტორიული ლანდშაფტის ზონის ნომინაციაში შეტანის მიმართულებით გადავდგათ წარმატებული ნაბიჯები და დიდი იმედი მაქვს, რა თქმა უნდა, ბაგრატს ვერ დავაბრუნებთ ნუსხაში, მაგრამ შევეცდებით, ისტორიული ლანდშაფტის ზონა დავადასტურებინოთ "იუნესკოს" რაც ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი იქნება", - აღნიშნა პრემიერმა.