ანაფორით შემოსილი ადამიანები, რომლებიც ქუჩებში მოწყალებას ითხოვენ, შესაძლოა, სასულიერო პირები არ იყვნენ - საპატრიარქოს გაფრთხილება

12:22 07-13-2017
258

საქართველოს საპატრიარქო ,,ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მოსახლეობას აფრთხილება, რომ რომ ანაფორით შემოსილი ადამიანები, რომლებიც თბილისის ქუჩებში მოწყალებას ითხოვენ, შეიძლება სასულიერო პირები არ იყვნენ. 

„ეს პრობლემა ახალი არ არის და რამდენიმე წელია ჩვენთვისაც უდიდეს პრობლემად გადაიქცა ის, რომ მღვდლობაშეჩერებული სასულიერო პირები, ზოგ შემთხვევაში არასასულიერო პირები (შესაფერისი შესამოსელით) ითხოვენ მოწყალებას. ჩვენ თავის დროზე მივმართეთ სახელმწიფოსაც, რომ იქნებ სახელმწიფომ იზრუნოს ამ ადამიანებზე, გამოიკვლიონ მეტროსადგურებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რატომ დგანან ეს ადამინები და რატომ ითხოვენ დახმარებას? თუ ნამდვილად სასულიერო პირია, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ნამდვილად სასულიერო პირია და მას პასუხი უნდა მოვთხოვოთ. მაგრამ შესაძლოა, ადამიანი არსად არ მსახურობდეს და აქედან გამომდინარე, მას შეჩერებული ჰქონდეს მღვდელმოქმედება. იგი ასე ცდილობს, იშოვოს სარჩო თავის გადასარჩენად. სხვაგვარად რომელიმე ეკლესიაში იქნებოდა დასაქმებული. დღეს სასულიერო პირები მრევლის შემოწირულობებით ცხოვრობენ. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები გადაცმულები არიან. არცხვენენ ეკლესიას და თვითონაც ასეთ მდგომარეობაში იყენებენ თავს. მე მსმენია, რომ ისინი ყვებიან ძალიან ტრაგიკულ ისტორიებს, რაში სჭირდებათ ეს ფული. ეს, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ ამართლებს, იმას, რომ სასულიერო ფორმაში ჩაცმული პირი უნდა იდგეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე და ითხოვდეს მოწყალებას. ეს ადამიანები არანაირად არ ურთიერთობენ საპატრიარქოსთან. შესაძლოა, რომელიმე მათგანი სასულიერო პირი იყო, ახლა რაიმე პრობლემა აქვს, მღვდელმოქმედება შეჩერებული აქვს. თუ მოქალაქეს უნდა მოწყალების გაღება, ჩვენ ხომ ვერ დავუშლით მოწყალების გაღებას, მაგრამ საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული, ვინ არიან ეს ადამიანები და რატომ ითხოვენ დახმარებას ასეთი ფორმით. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, უმრავლესი მათგანი არასასულიერო პირია“, - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.