დონალდ ტრამპი საფრანგეთში ბასტილიის დღისადმი მიღვნის სამხედრო აღლუმს დაესწრება

12:38 07-13-2017
111

 

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთში უკვე  ჩავიდა. ის  საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდება და ბასტილიის დღის  აღნიშვნის ცერემონიას დაესწრება. 

BBC-ის ინფორმაციით, წელს ამერიკული ჯარი შეუერთდება საფრანგეთის ჯარების აღლუმს, რათა აღნიშნონ 100 წელი მომენტიდან, როდესაც აშშ ჩაერთო პირველ მსოფლიო ომში.

 საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპს ინვალიდთა სახლში შეხვდება. საზეიმო ცერემონიის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერები ელისეს სასახლეში გადაინაცვლებენ, სადაც პირისპირ შეხვედრას გამართავენ. პირისპირი შეხვედრის შემდეგ მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. 

საღამოს ემანუელ და ბრიჟიტ მაკრონები დონალდ და მელანია ტრამპებს ეიფელის კოშკის მეორე სართულზე, „ჟიულ ვერნის“ რესტორანში უმასპინძლებენ ვახშამზე. ხვალ კი დონალდ ტრამპი მონაწილეობას მიიღებს 14 ივლისის, საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის ღონისძიებებში. კერძოდ, ის დაესწრება სამხედრო აღლუმს, რომელიც შანზ-ელიზეზე გაიმართება.