რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლემ და ადვოკატმა პოლიციის შენობა დატოვეს.
ლეილა მუსტაფაევა აცხადებს, რომ მათ მიერ მიწოდებული ახალი მტკიცებულება, ფოტომასალა პოლიციისთვის ცნობილი იყო. საუბარია ოჯახის მიერ მუხთარლის პირად ალბომში აღმოჩენილ ფოტოებზე, რომლებზეც მუსტაფაევას განცხადებით, ის ადამიანები არიან აღბეჭდილნი, რომლებიც მუხთარლის უთვალთვალებდნენ.
როგორც მუსტაფაევა განმარტავს, მათ მიერ წარდგენილი ფოტოების გარდა, სამართალდამცველებს კიდევ ორ ადამიანზე აქვთ ინფორმაცია, მათ შორის ერთი მისი თქმით "რუსთავი 2-ის" ეთერით გასულ სიუჟეტშიც ფიგურირებდა. მიუხედავად ამისა, მუხთარლის მეუღლის თქმით, იდენტიფიცირებული არავინაა.
პოლიციის შენობიდან გამოსული მუსტაფაევა კიდევ ერთხელ აფიქსირებს მის პოზიციას, რომ ხელისუფლებას არ სურს მისი მეუღლის საქმის გამოძიება. იგი არ გამორიცხავს, რომ კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანი ბესიკ ამირანაშვილიც სწორედ მუხთარლის საქმის გამო გაათავისუფლეს.
მუხთარლის მეუღლე და ადვოკატი პარლამენტს მოუწოდებენ შექმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია და ეს საქმე შეისწავლოს.