აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, ადვოკატები ევროპულ სასამართლოს განცხადებას მიმდინარე კვირაში წარუდგენენ

20:47 07-16-2017
106

აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით ადვოკატები ევროპულ სასამართლოს ძირითად განცხადებას კვირის განმავლობაში წარუდგენენ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის უფლებადამცველის არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, საქმეს უკვე მინიჭებული აქვს პრიორიტეტი. მათი მოთხოვნები კი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოსთან იქნება ის, რომ დარღვეულად აღიარონ საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფოების მხრიდან თავისუფლების მუხლის, არააადამიანური წამების შესახებ მუხლის, სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ მუხლები.

ჩოფიკაშვილი განმარტავს, რომ საუკეთესო შემთხვევაში აზერბაიჯანს დაევალება მუხტარლის პატიმრობიდან გათავისუფლება, თუმცა მისივე შეფასებით, პროცესი დროში გაიწელება. უფლებადამცველი პარალელურად კანონით გათვალისწინებული სხვა ბერკეტებისა და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებასაც გეგმავს.

დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატი საეჭვო გარემოებებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ აფგან მუხტარლის გაუჩინარებისას გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების არარსებობა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის მხრიდან საქმე ვერ გაიხსნება.

დღეს, აფგან მუხტარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა ძველი თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში გამოკითხვაზე სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, მან პროკურატურას ახალი მტკიცებულებებიც გადასცა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე