ნიკა ჩიტაძე: სააკაშვილის საკითხი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა განიხილებოდეს. ორივე მხარისთვის წამგებიანია

10:30 07-17-2017
178

,,ვიწროპარტიული ინტერესები ეროვნულ ინტერესებზე მაღლა არ უნდა დადგეს", - ასე აფასებს ექსპერტი ნიკა ჩიტაძე ,,პრაიმტაიმთან" საუბრისას მოსაზრებას, რომ პეტრო პოროშენკოს ვიზიტის ფარგლებში შესაძლებელია სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი განიხილონ. 

ექსპერტის განცხადებით, თუ შეხვედრაზე სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი დადგება ეს დააზარალებს ორივე ქვეყნის საერთო ინტერესებს და მთავარი საკითხები, რომელიც შეხვედრის დროს  განიხილება ეკონომიკურ და საგარეო მიმართულებებს უნდა ეხებოდეს. 

,,პირველ რიგში, ეს არის უკრაინულ და ქართულ კომპანიებს შორის ბიზნესურთიერთობების განვითარება. ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი უკრაინასთან. ვაჭრობას ორ ქვეყანას შორის კერძო კომპანიები ახორციელებენ, ამიტომაც მგონია, რომ  უნდა გაიმართოს,  მაგალითად, ბიზნესფორუმი, სადაც ბიზნესმენები ერთმანეთს შეხვდებიან და დაისახება ბიზნესურთიერთობების გზები. მეორე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაა.  მაგალითად, ყულევის ტერმინალიდან ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება უკრაინის მიმართულებით, იგივე ბაქო-სუფსის ნავთობსადენის  მეშვეობით მეტი ნავთობის რეექსპორტი უკრაინის  მიმართულებით. მეორე მიმართულება – ეს არის სუამის  განვითარება. ვფიქრობ, საქართველო-მოლდოვა-უკრაინა- აზერბაიჯანს  შორის თანამშრომლობის განვითარება  ეკონომიკურ საკითხებს გულისხმობს. ასევე, უნდა დადგეს გეოპოლიტიკური საკითხები, როგორ უნდა მოხდეს რუსეთისგან თავის დაღწევა. რა თქმა უნდა, რუსეთთან მიმართებით ერთიანი პოზიცია უნდა შემუშავდეს, რათა რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენა შესუსტდეს. ერთიანი პოზიციები საერთაშორისო ორგანიზაციებში, თუნდაც გაეროს გენანსამბლეაში, ეუთოს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ერთობლივი დეკლარაციები უნდა გაკეთდეს. რაც შეეხება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, აქ ერთიანი მიდგომა და გამოცდების ურთიერთგაზიარება უნდა იყოს მნიშვნელოვანი. ეს არის ძირითად საკითხები, სააკაშვილის საკითხი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა განიხილებოდეს. ორივე მხარისთვის წამგებიანია. აღნიშნული საკითხი ჩვენი დასავლელი პარტნიორების უარყოფით რეაქციას გამოიწვევს, როგორც უკრაინის, ისე საქართველოს მიმართ. ვიწროპარტიული ინტერესები ეროვნულ ინტერესებზე მაღლა არ უნდა დადგე", - აცხადებს ნიკა ჩიტაძე. 

 

 

ავტორი: სალომე ჩადუნელი