ავტორი: ქეთი ხატიაშვილი
არასაპარლამენტო ოპოზიციას არჩევნების დროს, ბუნებრივია, განსაკუთრებით უჭირს, მათ არა მხოლოდ ხელისუფლებას უნდა გაუწიონ კონკურენცია, არამედ საპარლამენტო ოპოზიციასაც. ეს კი მათთვის თითქმის შეუსრულებელი მისიაა.
თავად ის ფაქტი, რომ მერობისთვის ბრძოლას პირადად არც ნინო ბურჯანაძე აპირებს და არც შალვა ნათელაშვილი, სწორედ მათ დაბალ შანსებზე მიანიშნებს. თუმცა, პირად საუბრებში ამბობენ, რომ ეს მათი დონის პოზიცია არ არის და ამისთვის საარჩევნო რინგზე ვერ ავლენ.
მათი ოფიციალური განცხადებები კი ასე ჟღერს:
ნინო ბურჯანაძე: „მე არ ვთვლი, რომ თბილისის მერად უნდა ვიყარო კენჭი. ყველამ ის საქმე უნდა აკეთოს, რაც კარგად გამოსდის. წარმოდგენილ კანდიდატებზე უკეთესი მერი ნამდვილად ვიქნებოდი, მაგრამ ვთვლი, რომ არის საკითხები, რომლებიც სხვაგვარ მიდგომებს საჭიროებს“.
გიორგი გუგავა შალვა ნათელაშვილის მერის კანდიდატად წარდგენაზე: „ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა გამორიცხული არაფერია“.
სერიოზული პოლიტიკური ძალები კი მერობისთვის ყველაზე გავლენიან და რეიტინგულ ფიგურებს ეძებენ, რადგანაც კარგად იციან, რომ ეს პოსტი არის მომავალი წარმატებების გასაღები არა მხოლოდ კონკრეტული გამარჯვებული პირისთვის, არამედ მის უკან მდგომი პარტიისთვისაც. „ქართულმა ოცნებამ“ კახა კალაძე წარადგინა; „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მათი გაგებით ყველაზე პოპულარული ფიგურა – ზაალ უდუმაშვილი; საარჩევნო მარათონზე ალეკო ელისაშვილიც გამოჩნდა, რომელსაც კარგად ესმის, რომ ახლა პოლიტიკური პარტიების ძიძგილაობით გადაღლილი ელექტორატისთვის დამოუკიდებელი ფიგურა შესაძლოა, დიდ ცდუნებად იქცეს, ამას დამატებული ელისაშვილის პოპულიზმი, რაც ჯერ კიდევ იქცევს ელექტორატის ყურადღებას და სულ ეს არის ელისაშვილის წარმატების ფორმულა. თუმცა, რამდენად გულისხმობს ეს ფორმულა გამარჯვებას, ანუ რამდენად საკმარისია მხოლოდ ორი კომპონენტისგან შემდგარი ფორმულა ასეთ დაძაბულ ბრძოლაში, ამას შემოდგომაზე ვნახავთ.
ამით მხოლოდ იმის ჩვენება და თქმა გვინდა, რომ, რომ არა წაგების შიში, ახლა საარჩევნო რინგზე ბურჯანაძეც უნდა იდგეს და ნათელაშვილიც, თუმცა, წაგებისთვის მათ საკუთარი თავი არ ემეტებათ, ეს კი იმასაც ნიშნავს, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ პოლიტიკური გადარჩენისთვის სჭირდებათ და არა მოგებისთვის. ეს კი ყველაფერს ართულებს.
ნინო ბურჯანაძეს ახლა მოლაპარაკებები აქვს როგორც ირმა ინაშვილთან, ისე შალვა ნათელაშვილთან. ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა შესაძლოა, კახა კუკავა გახდეს.
2014 წელს ნინო ბურჯანაძემ და კახა კუკავამ ვერ მოილაპარაკეს, ამიტომაც „თავისუფალმა საქართველომ“ მაშინ „ახალ მემარჯვენეებთან“ შეკრა ალიანსი და მერის არჩევნებზე კენჭი იყარა. ალიანსს მათ არასაპარლამენტო ოპოზიცია უწოდეს. ნინო ბურჯანაძემ მაშინ საარჩევნო რინგზე დიმიტრი ლორთქიფანიძე გამოიყვანა, რომელიც ადრე სწორედ კახა კუკავას პარტიის წევრი იყო.
ახლაც ისე ჩანს, თითქოს კონკურენცია სწორედ მათ შორის იმართება, თუმცა, ახლა, როგორც ჩანს, ბურჯანაძის არჩევანი უფრო კახა კუკავასკენ იხრება, რომელიც, თავის მხრივ, ცდილობს, ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიან საქართველოსთან“ ერთად, პატრიოტებისა და ლეიბორისტების გულიც მოიგოს. რამდენად შეძლებს შალვა ნათელაშვილის დათანხმებას, ძნელი სათქმელია, რადგანაც მათ კიდევ ერთხელ ღიად განმარტეს, რომ, ტრადიციისამებრ, არავისთან არ აპირებენ კოალიციაში შესვლას.
გიორგი გუგავა: „ბევრ კანდიდატზეა საუბარი. შალვა ნათელაშვილი არის პარტიის ლიდერი, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, მან კენჭი იყაროს თბილისის მერად, თუმცა გამორიცხული არაფერია... ეს ჩვენი სტრატეგიაა, რომ ჩვენ დამოუკიდებლად ვმონაწილეობთ არჩევნებში. მრავალი წელია, ამ გზას მივდევთ, ახალი კონსტიტუციითაც იკრძალება პოლიტიკური პარტიების გაერთიანება, მაგრამ ამასთანავე, ჩვენ მზად ვართ, კოორდინაციაში ვიყოთ პოლიტიკურ პარტიებთან. მერობის კანდიდატები იქნებიან თუ მაჟორიტარობის კანდიდატები, რათა შედგეს თანამშრომლობა და ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ“.
როგორც ჩანს, მოლაპარაკებების პროცესს ართულებს არა ერთიან კანდიდატურაზე შეთანხმება – ამის შესაძლებლობას პირად საუბრებში პროცესში ჩართული სუბიექტები არ გამორიცხავენ – არამედ ერთიანი საარჩევნო სია.
ლეიბორისტები ისევ იმეორებენ, რომ ისინი, ტრადიციისამებრ, კოალიციაში არავისთან არ შევლენ, და თუკი ერთიან კანდიდატს დაუჭერენ მხარს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ერთიანი სიით გამოვლენ არჩევნებზე.
მეორე მოსაზრებით კონსულტაციებში მყოფმა სუბიექტებმა ერთიანი სია უნდა შეადგინონ, სადაც პირველი ნომერი, რა თქმა უნდა, მერობის კანდიდატი კახა კუკავა იქნება, თითოეული პარტიიდან კი სიაში 2-2 კაცი შევა.
თუკი საერთო სიებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, შესაძლოა, მოლაპარაკებები ჩაიშალოს და მაშინ პარტიები საკუთარი ძალებით შეეცდებიან რინგზე რაიმე შედეგის დაფიქსირებას.
ნინო ბურჯანაძე არჩევანს დიმიტრი ლორთქიფანიძესა და გია ბარამიძეს შორის გააკეთებს. როგორც ამბობენ, ბარამიძეს საარჩევნო მარათონზე ასვლის სურვილი არ აქვს. აქვს თუ არა, რთული სათქმელია, თუმცა, როგორც ამბობენ, ლორთქიფანიძემ კონკრეტული მინიშნებებიც გააკეთა – თუკი ფსონი მასზე არ დაიდება, დიმიტრიმ შესაძლოა, პარტია დატოვოს. „პრაიმტაიმს“ ეს ინფორმაცია დიმიტრი ლორთქიფანიძემ ოფიციალურად არ დაუდასტურა. მან თქვა, რომ ის საერთო კანდიდატზე შეთანხმებას მიესალმება და ამ პროცესს ხელს არ შეუშლის.
შესაძლოა, შემთხვევითი არ არის, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძე პარასკევს აღმაშენებლის გამზირზე გამართულ მარშზეც გამოჩნდა. შესაძლოა, არც ის არის შემთხვევითი, რომ მარში საარჩევნო მარათონისას გაიმართა. როგორც ჩანს, ელექტორატისთვის „მისაყიდი“ იდეები დაიტესტა. გამოჩნდა, მათ იდეებს ჰყავს საკუთარი „მრევლი“ და არ არის გამორიცხული, ისინი რინგზე სწორედ ამ იდეების ქადაგებით გამოჩნდნენ.
„ჩვენ საკმაოდ სერიოზული გუნდი გვყავს და ნამდვილად შეგვიძლია, რომ ნებისმიერ არჩევნებზე ძალიან ჯანსაღი და ადეკვატური კონკურენცია გავუწიოთ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, მით უმეტეს, „ქართულ ოცნებას“, რომელიც აბსოლუტურად უუნარო და არაფრისმაქნისია. ჩვენ ჯერ კონსულტაციებს ვაგრძელებთ, კიდევ ვფიქრობთ და მხოლოდ ამის შემდეგ მოგაწოდებთ ინფორმაციას ჩვენი გადაწყვეტილებების თაობაზე“, – აცხადებს, თავის მხრივ, ნინო ბურჯანაძე.