ოპოზიცია მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატის ასარცევადს კონსულტაციებს მართავს. თუკი საერთო სიებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, შესაძლოა, მოლაპარაკებები ჩაიშალოს და მაშინ პარტიები საკუთარი ძალებით შეეცდებიან რინგზე რაიმე შედეგის დაფიქსირებას.
ნინო ბურჯანაძე არჩევანს დიმიტრი ლორთქიფანიძესა და გია ბარამიძეს შორის გააკეთებს. როგორც ამბობენ, ბარამიძეს საარჩევნო მარათონზე ასვლის სურვილი არ აქვს. აქვს თუ არა, რთული სათქმელია, თუმცა, როგორც ამბობენ, ლორთქიფანიძემ კონკრეტული მინიშნებებიც გააკეთა – თუკი ფსონი მასზე არ დაიდება, დიმიტრიმ შესაძლოა, პარტია დატოვოს. „პრაიმტაიმს“ ეს ინფორმაცია დიმიტრი ლორთქიფანიძემ ოფიციალურად არ დაუდასტურა. მან თქვა, რომ ის საერთო კანდიდატზე შეთანხმებას მიესალმება და ამ პროცესს ხელს არ შეუშლის.
შესაძლოა, შემთხვევითი არ არის, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძე პარასკევს აღმაშენებლის გამზირზე გამართულ მარშზეც გამოჩნდა. შესაძლოა, არც ის არის შემთხვევითი, რომ მარში საარჩევნო მარათონისას გაიმართა. როგორც ჩანს, ელექტორატისთვის „მისაყიდი“ იდეები დაიტესტა. გამოჩნდა, მათ იდეებს ჰყავს საკუთარი „მრევლი“ და არ არის გამორიცხული, ისინი რინგზე სწორედ ამ იდეების ქადაგებით გამოჩნდნენ.