„გრიშა კაკაჩია“ კონვერტის საიდუმლოს ამხელს – რატომ ითამაშა ორმა მსახიობმა კაკაჩიას ცოლის როლი - exclusive

11:08 07-17-2017
8608

კაკაჩიას გმირმა სეზონის დასასრულ მაყურებლის ატირება მოახერხა. თუთასა და კაკაჩიას მამაშვილობას ბოლო სერიებში ძალიან ბევრი გულშემატკივარი გამოუჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ გრიშას გმირი თავიდან უარყოფითი პერსონაჟის სახით დაგვანახა ქეთი დევდარიანმა, დავით კვირცხალიამ, სცენარისტთან და რეჟისორთან ერთად, მოახერხა და ის თვისებები გამოავლინა, რამაც მაყურებელს კაკაჩიას გმირი შეაყვარა და მისი გულშემატკივარიც გახადა. 
„ჩემი ცოლის დაქალების“ მე-11 სეზონის ბოლო სერია „ჰეფი ენდით“ არ დასრულდა, მაგრამ ამ დასასრულმა ჰუმანიზმისა და სიყვარულის საოცარი სცენა დაგვანახა და კიდევ უფრო შეაყვარა მაყურებელს გრიშა კაკაჩიას გმირი. ამის მიუხედავად, სოციალურ ქსელში სცენარისტს არც ისე კარგი დღე დაადგა. მაყურებელი ქეთი დევდარიანს მოკვლით ემუქრებოდა იმის გამო, რომ კაკაჩიას იმედი გაუცრუა...
მანამ სანამ ბატონ დავითთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ, მის ბიოგრაფიას გაგაცნობთ.
დავით კვირცხალიამ დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი; 1988 წელს – საქართველოს კინემატოგრაფიის სარეჟისორო ფაკულტეტი.
მსახიობი 1970 წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი. რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები: სალამურა (ა. სულაკაური „სალამურა“, რეჟისორი – რ. სტურუა), ერეკლე (დ. სუმბათაშვილი „ღალატი“, რეჟისორი – რ. სტურუა), ზაზა (ნ. დუმბაძე „თეთრი ბაირაღები“, რაჟისორი – რ. სტურუა), რომეო (შექსპირი „რომეო და ჯულიეტა“, რეჟისორი – გ. ქავთარაძე), ლუციუსი (შექსპირი „იულიუს კეისარი“ რეჟისორი – მ. თუმანიშვილი), ტელემაქე (ა. ვალიეხო, „ოცნება“, რეჟისორი – რ. ჩხაიძე), ანრი (ნ. წულეისკირი, გ. გეგეჭკორი „ძველი სამრეკლო“, რეჟისორი – გ. გეგეჭკორი), თემო (თ. ჭილაძე „მოულოდნელი სტუმარი“, რეჟისორი – თ. ჩხეიძე), ბურგუნდიის მთავარი (შექსპირი, „მეფე ლირი“, რეჟისორი – რ. სტურუა), და სხვ.; სხვა თეატრებში განსახიერებული როლები: დიდრო (ნ. დუმბაძის ნოველების მიხედვით „ნუ მიგვატოვებ მზეო“, რეჟისორი – ნ. ბაგრატიონ-გრუზინსკი), პავკა (ნ. ოსტროვსკი „როგორ იწრთობოდა ფოლადი“, რეჟისორი – გ. ქავთარაძე) და სხვ.; მონაწილეა სატელევიზიო დადგმებისა: „გზაჯვარედინზე“ (რეჟისორი – მ. თუმანიშვილი), „ეს არ უნდა მომხდარიყო“ (რეჟისორი – ზ. კაკაბაძე), „ხორუმი ქართული ცეკვაა“ (რეჟისორი – გ. კახაბრიშვილი) და სხვ.; მონაწილეობს სატელევიზიო სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ (გრიშა კაკაჩია, რეჟისორი გ. ლიფონავა); გადაღებულია ფილმებში: „ქორწინება იმერულად“ (რეჟისორი – ნ. წულაია), „ყვარყვარე“ (რეჟისორი – დ. აბაშიძე), „ნატვრის ხე“(რეჟისორი – თ. აბულაძე), „მარტოხელა მონადირე“, (რეჟისორი – ქ. დოლიძე) და სხვ.; სარეჟისორო ნამუშევრები: მხატვრული ფილმი „ოქროს ობობა“ – 4 სერია (სცენარის ავტორები და რეჟისორები – დ. კვირცხალია, გ. ქავთარაძე, მ. ანთაძე.). ვიდეოფილმი „ჩემი სახელი საიდან იცი?“ (ნ. დუმბაძის მოთხრობების „დედას“ და „კორიდას“ მიხედვით).
დავით კვირცხალია დღეს „პრაიმტაიმის“ სტუმარია.

– პირველ რიგში, მიიღეთ ჩემი მოკრძალებული ქათინაურები კაკაჩიას გმირის შექმნისთვის...
– დიდი მადლობა იმ ყურადღებისთვის, რომელსაც თქვენი პოპულარული გამოცემა იჩენს ჩემ მიმართ... მართლაც დიდი აჟიოტაჟი ატყდა მე-11 სეზონის ბოლო სერიის შემდეგ და განებივრებული ვარ, თქვენნაირი სასიამოვნო კორესპონდენტების ყურადღებით. მადლობა ყველას სიყვარულისთვის. ეს მსახიობისთვის იმედის მომცემი სიგნალებია. ეს არ არის პატარა საქმე.
– თქვენი დამსახურებაა...
– არ მინდა, ვიკეკლუცო, მაგრამ მართლა არ მეგონა, ასეთ აჟიოტაჟს თუ გამოიწვევდა ჩემო მოკრძალებული როლი. ზოგადად, არ ვარ მაჟორული გამოხატულების ადამიანი, რომელიც აქცენტს აკეთებს თავის შესაძლებლობებზე. მე, უბრალოდ, ჩემი საქმე გავაკეთე, ისე როგორც შემეძლო. შეიძლებოდა, უკეთესადაც გაეკეთებინა ვინმეს. მახარებს ის, რომ მაყურებელმა ჩემი საქმის მიმართ მიდგომა დაინახა, რომელიც პროფესიონალიზმის წყალობით გამოვიჩინე, ალბათ. 
– მოდით, გულახდილები ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ კაკაჩიას გმირი მისი გამოჩენის დღიდან არ იყო დადებითი პერსონაჟი... როგორ მოახერხეთ და შეაყვარეთ ხალხს?
– სცენარისტისა და რეჟისორის დამსახურებაა ეს. მათ წინასწარ რა ჰქონდათ განზრახული, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ სწორედ ასეთია. ქართველები ხშირად ტრაგიკომიკურ სიტუაციაში ვვარდებით. ვამტკიცებთ ერთს, ვფიქრობთ მეორეს, ვაკეთებთ მესამეს და გამოგვდის მეოთხე... გრიშა ქართული მოვლენაა, ქართველი კაცია. ვალის თემაც არაა უცხო. არ ვიცით, რა ბიზნესი აქვს კაკაჩიას, მაგრამ არავის ეპატიჟება, თვითონ მოდიან ფულის სათხოვნელად მასთან. მას თავისი პირობები აქვს, ეს ან მოსწონთ, ან არ მოსწონთ. არ არის გრიშა დამნაშავე, მომთხოვნია, თავისი პრინციპები აქვს... ნაბიჯ-ნაბიჯ ახალი ისტორიები მოიფიქრა ქეთიმ. დაინახა სცენარისტმა, რომ სხვანაირ ელფერს ვაძლევდი ჩემს გმირს.
– და მიხვდა, რომ კეთილიც შეიძლებოდა ყოფილიყო კაკაჩია?
– ამ მხრივ, რთულდებოდა ამოცანა. ერთი პროფილის კაცისგან, სხვა ანფასი მივიღეთ. შემოქმედებითი აზარტი იყო მათი მხრიდანაც და ჩემი მხრიდანაც. დიდი მადლობა ქეთის ამ ნდობისთვის. ბედნიერებაა, როცა შენზე სცენარისტი ფიქრობს, რომ უფრო მეტი შეგიძლია. ქეთის თავისებური აზარტი გაუჩნდა, რომ გაერთულებინა ამოცანები. მეც ვცდილობდი, დამემტკიცებინა, რომ შემეძლო მისი კარგი კაპრიზების სწორად შესრულება. ასე მივიღეთ ჩემი მრავალწახნაგოვანი გმირი – გრიშა კაკაჩია. 
– ბევრი მაყურებლისგან მომისმენია, რომ თქვენი გმირის ხაზი ცალკე ფილმია სერიალში...
– არა, ასეთი თავხედი ვერ ვიქნები. სად იყო გრიშა კაკაჩია, ამ სერიალს რომ თავისი ერთგული მაყურებელი ჰყავდა. გრიშა, უბრალოდ, არის ახალი სახე, რომელმაც ჩემდა სასიხარულოდ მაყურებლის გული მოიგო. 
– ძალიან ცოტა პერსონაჟია სერიალში, ვინც კაკაჩიას გმირს უყვარს. მათ შორისაა ლამარა. რეალურ ცხოვრებაში თუ გყოლიათ ლამარას მსგავსი დამხმარე ქალი ოჯახში?
– მართალი გითხრათ, კაკაჩიას ცხოვრებით არასდროს მიცხოვრია. ჯერ ერთი, ფულიც არ მქონია ისე, რომ დამხმარე ქალი ამეყვანა. სერიალს რაც შეეხება, ლამარა ჩემთვის მხოლოდ დამხმარე და მოახლე არ არის. ის უკვე ჩემი ოჯახის სრულუფლებიანი წევრია. ჩვენ უკვე ბიოგრაფიაში ჩავეწერეთ ერთმანეთს და განგება თუ დაგვაშორებს, იმდენად საყვარელი და სასიამოვნო პიროვნებაა ლამარა. ის ჩემი და არის, უნიჭიერესი ადამიანია და რაც მთავარია, პროფესიით მსახიობია, ძალიან წარმატებული თავის თეატრში. 
– ჩვენ გვაინტერესებს ყველაფერი, რაც კადრს მიღმა რჩება. ალბათ, არის სახალისო შემთხვევებიც გადაღების დროს, რამდენიმე დუბლის ჩაწერა გიწევთ ზოგჯერ...
– ძველად რამდენიმე დუბლად იღებდნენ სცენას. იყო მსახიობის დუბლიც და თუ რამე პრეტენზია ჰქონდა, შეეძლო, გამოესწორებინა არტისტს. ახლა ასე არ ხდება. დღეს ყველანაირი პროცესი აჩქარდა. როცა ყოველ პარასკევს ეთერში უნდა გახვიდე, წინსწრებით რამდენიმე სერიის გადაღება გვიწევს. ამიტომ ყოფილა შემთხვევა, რომ უკმარისობის გრძნობით წამოვსულვარ გადაღებიდან. ერთ უცნაურობას გეტყვით... ბოლო სერიამ მაყურებელში გაუგებრობა გამოიწვია. სოციალურ ქსელშიც მომწერეს. ის კონვერტი ხომ დახიეთ და გადაყარეთ, ხელში რა გეჭირათ, სახლში რომ დაბრუნდითო. მანქანაში ჩემმა გმირმა მთავარი ფურცელი დახია, დე-ენ-ემ-ის პასუხი. თავად კონვერტი არ დაუხევია. კონვერტის შეტანა სახლში მე დავიჩემე.
– რატომ?
– იმდენი ხალხი მელოდება სახლში, კონვერტის გარეშე თუ შევიდოდი, რა უნდა მეთქვა ამ ხალხისთვის. კრიმხილდა ითხოვს პასუხს. ცარიელი თუ შევიდოდი, კიდევ ერთხელ გრიშას სიჯიუტეს გავუსვამდი ხაზს, გამოვიდოდა, რომ არგუმენტიც არ მაქვს და ამათ ჯინაზე ამყავს თუთა შვილად. ამიტომ დავითანხმე რეჟისორებიც. 
– სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს მაყურებელი. როგორც ჩანს, „ჰეფი ენდი“ უნდოდათ. ამბობენ, რომ თავად გრიშამ იცრუა შვილთან, რადგან მისი რეაქცია ენახა...
– შვილთან როგორ ვიცრუებდი, ვაწვდი ფურცელს იქვე...
– მეორე ვარიანტია, რომ კრიმხილდამ გააყალბა პასუხი... 
– კრიმხილდა საერთოდ არ გარეულა... ამაშია საქმე, რა მნიშვნელობა აქვს, თუთა ბიოლოგიური შვილია თუ არა. შეიძლება ბიოლოგიური და ნანოლიავები შვილი გამოვიდეს გარეწარი და ქუჩაში ნაპოვნი ბავშვისგან ღირსეული პიროვნება დადგეს. მე მესმის, მაყურებელს შეეცოდა ჩემი გმირი, მაგრამ უკეთესი რამ მოხდა. საოცარი ჰუმანიზმი გამოავლინა გრიშამ იმ გაუგებარ ხალხში, როგორიც მისი სანათესაოა. ბოდიში მოიხადა თუთამ, მადლობა გადაიხადა და წავიდა. რატომ დაეწია კაკაჩია? იმიტომ რომ თუთა გაცილებით მართალი იყო, ვიდრე კრიმხილდა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ეს არ მოხდეს.
– თქვენ რომ ყოფილიყავით სცენარისტი, ასე დაასრულებდით სეზონს?
– სცენარისტმა მოძებნა ყველაზე კარგი გამოსავალი. თქვენ ფიქრობთ, თუთა გრიშას შვილი რომ აღმოჩენილიყო, უკეთესი იქნებოდა? გადაეხვეოდნენ ერთმანეთს და ამით დამთავრდებოდა. არ იქნებოდა არც ცრემლები, არც ემოციები, არც საფიქრალი, არც ასეთი სიხარული. ასე რომ, ნამდვილად ვერ შევიტან კორექტივებს სცენარისტის გადაწყვეტილებაში. 
– ეკრანს მიღმა დარჩენილ სახალისო შემთხვევებზე გკითხეთ...
– სახალისო იყო ის, რომ ჩემი რუსი ცოლის როლი სხვადასხვა სერიებში ორმა მსახიობმა ითამაშა და როგორც აღმოჩნდა, ეს მაყურებლისთვის შეუმჩნეველი დარჩა. ორივე გრიბოედოვის თეატრის მსახიობია. თავიდან ირინა მეღვინეთუხუცესი თამაშობდა ამ როლს. ნორას დაკრძალვისთვის რომ დაგვჭირდა, ირინა ფეხმოტეხილი იყო და მეორეთი ჩაანაცვლეს. წარმოუდგენელი იყო ეს ჩემთვის, მაგრამ ისე კარგად შევიდა როლში ინა ვარაბიოვა, არავის დაუსვამს კითხვა. 
– ჩვენ კარგად ვიცნობთ გრიშა კაკაჩიას ოჯახს, მაგრამ ცოტა თუ ვიცით თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ. გვიამბეთ თქვენს ოჯახზე...
– მგონია, რომ გაწონასწორებული ოჯახის მამა გახლავარ. მყავს დიდი ხნის პარტნიორი, ჩემი მეუღლე – ქეთევან მესხი. 40 წელზე ბევრად მეტია, რაც ერთად ვართ. სხვა ცოლი არ მყოლია, ამით განვსხვავდები იმ პერსონაჟებისგან, რომლებიც ხშირად მითამაშია სცენაზე. პროფესიით ექიმი ბიოლოგი გახლავთ ჩემი მეუღლე. 30 წელი იმუშავა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ამჟამად პენსიონერია.
– შვილებზე რას მეტყვით?
– ორი ქალიშვილი მყავს. ელენე-ბაკა კვირცხალია „პირველ არხზე“ მუშაობს, პროდიუსერია. ტელესივრცეში წარმატებული და ცნობილი პიროვნებაა. ერთი დარდი მაქვს, ოჯახის შექმნის წინააღმდეგია და მგონი, ცოტა დააგვიანა ამ მხრივ (იღიმება). მეორე ქალიშვილი, რუსუდანი გათხოვილია. ორი შვილიშვილი მყავს, რომლებიც ქვეყანას მირჩევნია. 
– მეგრულ აქცენტზე სპეციალურად ივარჯიშეთ?
– უკვირთ ჟურნალისტებს, რომ არ მაქვს ეს აქცენტი. გვარი მეგრული კი მაქვს, მაგრამ მამამ არ იცოდა ეს ენა. დედა თოფურიაა, ნამდვილი მეგრელი. იქიდან გამომყვა ეს მუსიკალური მეხსიერება მეგრული ენის. პირველი ორი სერია გამიჭირდა, მერე მარტივია...
– ხომ არ მოგყვებათ სახლშიც ეს აქცენტი?
– (იცინის) კი, ხანდახან გრიშასავით ვბრაზდები ხოლმე, ჩემები რომ იცინიან, მერე ვხვდები, რომ გრიშა განვასახიერე ჩემდაუნებურად. 
– ახლა სეზონი თეატრშიც დასრულდა, სერიალშიც, სად გაატარებთ შვებულებას?
– ახლა სამტრედიაში ვიმყოფები, ჩემს სახლში, სადაც გავიზარდე, საიდანაც გახლავთ ჩემი მეუღლეც. 
– როგორ დაგხვდათ სამტრედია?
– ყოველთვის კარგად მხვდებოდა ეს ქალაქი და არც ახლაა გამონაკლისი. აქედან დაიწყო ჩემი კარიერა, აქ ჩავისუნთქე პირველად სცენის მტვერი. აქ ისეთი ადამიანები ცხოვრობენ, დღესაც ახსოვთ ჩემი პირველი ნაბიჯები.
– მეგრელები შემოირიგეთ? მახსოვს ერთ-ერთ ინტერვიუში მიყვებოდით, კაკაჩიებმა დამირეკესო...
– ჰო, გამაფრთხილეს, რამე ზედმეტი არ მოგივიდესო. პირიქით მგონია, მათი კუთხე უფრო შევაყვარე ხალხს, შევეცადე მაინც. ახლა მადლიერნი მხვდებიან, კეთილი სურვილებით არიან განწყობილნი.
– მეც კეთილი სურვილებით უნდა დაგემშვიდობოთ, მადლობა, რომ დრო დამითმეთ. 
– მადლობა თქვენ ყურადღებისთვის. 

ნინო მჭედლიშვილი

„პრაიმტაიმი“

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი