უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სოფელ ოძისში რუსეთის საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა, სადაც რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ნახევრად სამხედრო ბაზა მდებარეობს. მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა გააცნეს.
პეტრო პოროშენკო დაინტერესდა ისეთი საკითხებით, როგორიცაა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მგომარეობა, ასევე ჯანდაცვისა და განათლების საკითხები. საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯანდაცვის ეფექტური სერვისის პრობლემაზე.
"იგივე მდგომარეობაა, რაც დონბასში", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
დღეს უკრაინის პრეზიდენტი ხურვალეთსაც ეწვევა და საოკუპაციო ხაზისგან ორად გაყოფილ სახლს მოინახულებს, შემდეგ კი ვიზიტს მესტიასა და აჭარა გააგრძელებს.
სალომე ჩადუნელი