"ქართველთა მარშის" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გია კორკოტაშვილმა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში გაერო-ში საქართველოს ყოფილი ელჩის, თათია დოლიძის მიმართ გაუპატიურების სავარაუდო მუქარასა და შეურაცხყოფაში ბრალდებებს უპასუხა.
მისი თქმით, ეს იყო მეგობრებს შორის პირადი საუბარი და ბოდიში მოსახდელი არ აქვს.
„ორ ადამიანს შორის პრივატლაპარაკი მიდიოდა შეფასება, მე შეიძლება თემაში იქ დავწერე რომ (მოსაკლავია კიდევ კარგი არ დამიწერია), ცოტა უზრდელურად დავწერე ეს, მაგრამ ორ ადამიანს შორის მესამეს განსჯა რომ მიდის, ჩვენ რა სლენგი გვაქვს ერთმანეთში... იქ დამიწერეს, რომ გაუპატიურებით დაემუქრნენ, გაუპატიურებით დამუქრება არის, როცა ადამიანს პირადად დაურეკავ და ეტყვი, რომ მე შენ გიზამ ამას და ამას. მე ორ ადამიანს შორის რა სლენგია უზრდელურიც თუ არის და თუ მე გინებით გამოვხატავ ამას, ვისი რა საქმეა, ერთი გამაგებინეთ. მაგაზე არც ბოდიში მაქვს მოსახდელი, არც არაფერი. ის სიტყვა, რაც მაქვს ნახმარი, თქვენ მართლა ტვინიდან დაავადებულებო, მართლა იმაში რომ გამიყვანეთ, ეს პედოფილი არისო. მე არსად არაფერი საბოდიშო არ მაქვს, ორ მეგობარს შორის რა ტექსტით იყო მოხსენიებული მესამე ადამიანი“, - ამბობს კორკოტაშვილი.
თათია დოლიძის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ს 151-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული მუხლი მუქარას გულისხმობს. საქმე ეხება თათია დოლიძის მიმართ „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორთა მხრიდან გაუპატიურების შესაძლო მუქარას. |