ნინო დარასელი მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის შესაძლო განთავისუფლებაზე საუბრობს

17:06 07-19-2017
2375

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი მეგი გოცირიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ "ცენტრ პოინტის" საქმეზე დაკავებულებს - რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს საპროცესო შეთანხმება უფორმდება და მალე ისინი თავისუფლები იქნებიან.

ამასთან დაკავშირებით "პრაიმტაიმი" რუსუდანის შვილს, ჟურნალისტ ნინო დარასელს ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქმეში ახალი არაფერია. 

"მიმდინარეობს მუშაობა. ახალი არაფერია. არ ვიცი რატომ გაჩნდა მედიაში ეს ინფორმაცია. რაიმე მნიშვნელოვანი რომ მოხდება, მეთვითონ ვეტყვი საზოგადოებას ამის შესახებ, ამ ეტაპზე კი ვმუშაობთ იმისთვის, რომ პროკურატურის მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ", - განაცხადა დარასელმა. 

"თაბუკაშვილი 88“-ის გარშემო თითქმის ოთხწლიანი სასამართლო პროცესი 2017 წლის 31 მარტს დასრულდა. რუსუდან კერვალიშვილი დარბაზიდან ციხეში გადაიყვანეს. მის მსგავსად 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მაია რჩეულიშვილსაც, რომელიც საცხოვრებელ კომპლექს "მაგნოლიას” ეპიზოდზე თვეები წინასწარ პატიმრობაში იყო. მენაშენეების კუთვნილი თანხების მითვისების და თაღლითურად დაუფლების ნაწილში ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. საუბარია ჯამში თითქმის 5-მილიონნახევარ დოლარზე და 20 მილიონ 700 000-მდე ლარზე. 

პროკურატურამ, ყველა დაზარალებულის დაკმაყოფილების სანაცვლოდ, საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად მზადყოფნა მაშინვე გამოთქვა. როგორც პროკურორმა განაცხადა, ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება იმ პირობით გაფორმდება, თუ ისინი ყველა დაზარალებულს ზიანს აუნაზღაურებენ და ყველა ობიექტის მშენებლობას დაასრულებენ. 

 



ავტორი: ლილუ მიროტაძე