აჭარასა და ოდესის ოლქს შორის თანამშრომლობის განვითარების გეგმას მოეწერა ხელი

22:53 07-19-2017
79

დღეს ბათუმში, სასტუმრო ,,შერატონში" გამართულ აჭარის საინვესტიციო ბიზნეს ფორუმის ფარგლებში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (საქართველო) და ოდესის ოლქს (უკრაინას) შორის 2017-2019 წლების თანამშრომლობის განვითარების გეგმას მოეწერა ხელი. დოკუმენტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ მოაწერეს ხელი. თანამშრომლობის განვითარების გეგმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ოდესის რეგიონს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

საინვესტიციო ფორუმზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სპეციალური პრეზენტაცია გამართა. მინისტრის მოადგილემ კონსტანტინე მეგრელიშვილმა ფორუმის მონაწილეებს რეგიონის საინვესტიციო პოტენციალი გააცნო.

ფორუმის მონაწილეებმა აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე მიიღეს ინფორმაცია. ფორუმის მონაწილეებს აჭარის ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული პოტენციალის გაცნობის საშუალებაც მიეცემათ.სტუმრებს აჭარის უცხოენოვანი საინვესტიციო ვიდეო რგოლი აჩვენეს.

ბიზნეს ფორუმს საქართველოსა და უკრაინაში ლოჯისტიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე 250-მდე წარმომამდგენელი ესწრებოდა. 
ფორუმის ფარგლებში ქართულ და უკრაინულ კომპანიებს შორის პირისპირ შეხვედრები გაიმართება, სადაც მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრებენ.