აფგან მუხტარლის ადვოკატის თქმით, ის ნაბიჯები, რომელსაც შსს დგამს დაგვიანებულია

17:34 07-20-2017
171

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ადვოკატის, არასამთავრობო ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” წარმომადგენლის, არჩილ ჩოფიკაშვილის მოსაზრებით, სასაზღვრო პოლიციის უფროსისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება ძალიან დაგვიანებული და არაპროპორციული ნაბიჯია.

”რაც შეეხება ასობით მოწმის დაკითხვას, აქ მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა. როდესაც გამოძიება აგროვებს ვიდეო ჩანაწერებს, რომელთა უმეტესობას არავითარი პროცესუალური ღირებულება არ გააჩნია გამოძიებისათვის, იმ ვითარებაში როდესაც საეჭვო პირების ფოტოსურათები, ვიდეო ჩანაწერები აქვს გამოძიებას და მათ იდენტიფიცირებას არ ახდენს, ეს მიუთითებს იმაზე, რაზეც დღეს მინისტრმა თვითონ განაცხადა - რომ გატაცების ფაქტი არ დასტურდება. შესაბამისად, ეს არ არის რეალური გამოძიება. საჭიროა რეალური გამოძიების ჩატარება და არა გამოძიების იმიტაცია, შემდგომში ასეთი განცხადებების გასამართლებლად. ამდენად, დღევანდელი ნაბიჯები, რომელიც ცნობილი გახდა, არის ძალიან დაგვიანებული, არაპროპორციული და არასაკმარისი”, - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

ადვოკატმა აფგან მუხთარლის მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას მიერ დაცვის სპეციალური ღონისძიებების შესახებ უარის თქმის მიზეზები განმარტა. არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, იმის გამო, რომ მათ ვერ დაინახეს რეალური ნაბიჯები საქმის გამოძიებისათვის, პარალელურად კი, კეთდებოდა განცხადებები, რომ გატაცება არ მომხდარა, ასეთ პირობებში ლეილა მუსტაფაევამ უარი განაცხადა დაცვის სპეციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებულ შეთავაზებაზე.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომლის თანახმად, აფგან მუხთარლის საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს, ადვოკატის ინფორმაციით, მას მთავარი პროკურატურისადმი ოთხი მიმართვა აქვს გაკეთებული, რომ საგამოძიებო ქვემდებარეობა მთავარი პროკურატურით განსაზღვრულიყო. მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება პროცესუალურად სწორია, თუმცა ესეც ძალიან დაგვიანებული ნაბიჯია.