როგორი შეხედულებაც არ უნდა იყოს სააკაშვილზე რუსეთში, მედიისთვის ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფიგურაა. ამ ინტერესს ის ცენზურაც იწვევს, რომელიც დღეს მოსკოვში საქართველოს პრეზიდენტზე არსებობს. ბევრი ჩემი ნაცნობი ჟურნალისტი მოსკოვში სინანულით აღნიშნავს, რომ მათ სააკაშვილთან შეხვედრისა და გასაუბრების საშუალება არ მიეცათ. ასე რომ, კითხვები რუსეთში არსებობს. კრემლის პროპაგანდა, რომელიც სააკაშვილს ლამის კანიბალადაც კი ხატავს, მათთვის სულაც არ არის პასუხი კითხვაზე: ვინ არ ის სააკაშვილი ან როგორი პოლიტიკური მიზნები აქვს? გლამურულ ჟურნალში გლამურული ქალბატონების მიერ დაბეჭდილი გლამურული ინტერვიუ სააკაშვილთან ნამდვილ სენსაციად იქცა. ომის შემდეგ, ეს სააკაშვილის პირველი ინტერვიუ იყო, რომელიც რუსულ მედიაში დაიბეჭდა. როგორი იყო რეაქცია? ჩვენ ქსენია სოკოლოვას მოსკოვში დავუკავშირდით.
ქსენია სოკოლოვა:
– რეაქცია ნამდვილად ძალიან დადებითი იყო... ეს ჩემთვისაც სიახლე გახლდათ. იმდენად არაფერი იციან რუსეთში თქვენს ქვეყანაზე, ანუ იმაზე, თუ რა ხდება ახლა, რომ ეს ინტერვიუ მათთვის იყო ინფორმაციის წყარო, რაღაცა სახის ინფორმაციის მაინც. ამიტომაც მკითხველიც და ისინიც, ვინც ეს ინტერვიუ ინტერნეტში ნახა, მადლობას გვიხდიან იმის გამო, რომ მათ საქართველოზე რაღაც მაინც მოვუყევით...
– შეიძლება ითქვას, რომ ამ პუბლიკაციის შემდეგ ბევრი ჩაფიქრდება იმაზე, ხომ არ არის ეს კრემლის პოლიტიკა – შექმნას სააკაშვილისგან ოდიოზური ფიგურა. – რუსეთში პროპაგანდის მთავარი მიმართულებაა, აჩვენონ, რომ სააკაშვილი გიჟია. იცით, მე თავადაც არ ვიყავი გარკვეული, რა პროცესები მიმდინარეობდა საქართველოში... გამაოგნა იმან, რომ აქ, მოსკოვში, ამ პროპაგანდის სჯერათ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რუსეთში არ არის ინფორმაცია, არსებობს მხოლოდ პროპაგანდა. და ეს პროპაგანდა მუშაობს. როცა დავწერეთ ის, რაც რეალურად ვნახეთ და ჩვენ ვნახეთ ადამიანი, რომელიც სრულებითაც არ არის გიჟი, აქ ამან დიდი გაოცება გამოიწვია. და ეს დადებითი გაოცება იყო. აქ ხალხს არ უნდა, დაიჯეროს, რომ საქართველო არის ისეთი, როგორსაც მას კრემლთან დაახლოებული მედია ხატავს.
– ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ გქონდათ შეხვედრა თინა კანდელაკთან? თქვენი აზრით, ის, რა საც თინა ამბობს საქართველოზე, რამდენად შეესაბამება რეალობას?
– ინტერვიუს შემდეგ მე მას არ შევხვედრივარ. მაგრამ ვფიქრობ... ის, რაც მე ვნახე, ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც თინა ლაპარაკობს... ვფიქრობ, მას აქვს მიზეზი, ილაპარაკოს ის, რასაც ლაპარაკობს. და, ალბათ, რაღაც მიზანიც აქვს. შესაძლოა, ეს პოლიტიკური მიზანიც იყოს. ის ხომ რუსეთის საზოგადოებრივ პალატაში მუშაობს. თინა დაკავშირებულია ჩინოვნიკებთან, მაღალი თანამდებობის პირებთან. მე კი არც ერთ ჩინოვნიკს არ ვიცნობ, რომელსაც თავისუფლად შეუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა.
– შეიძლება ითქვას, რომ პუტინს არ აწყობს, უჩვენოს რუსეთს რეალური საქართველო, იმიტომ რომ რუსეთსა და საქართველოში მიმდინარე პროცესების შედარებით მათ გაუჩნდებათ კითხვები: და ჩვენს ქვეყანაში რატომ არ კეთდება ყველაფერი ეს? სააკაშვილი თუ აკეთებს, პუტინი რატომ ვერ აკეთებს?.. შეიძლება ასე ვთქვათ?
- ჩვენს ქვეყნებს დიპლომატიური კავშირი აქვთ გაწყვეტილი, ჩვენ ურთიერთობებში არა გვაქვს არავითარი გაუმჯობესება ომის შემდეგ, ვიმყოფებით საომარ ვითარებაში. ის, რასაც მოსკოვში ამბობენ, პირველ რიგში, პროპაგანდა და საინფორმაციო ომის ნაწილია. მისი მიზანია არარეალური სურათის დახატვა. ის, რაც ხდება, სისულელეა. ომს ნებისმიერი მეთოდით უნდა შეწყვეტა და მოლა პარაკებების გზით სვლა, ეს აუცილებელია...
თუმცა, სააკაშვილსა და პუტინს შორის იმდენად დაპირისპირებული პოზიციები არსებობს, რომ არც ვიცი, უახლოეს მომავალში რამდენად შესაძლებელია მოლაპარაკება. მე ძალიან მინდა. მგონია, რაც ხდება, ეს მარაზმია, ჩვენ ნორმალური ურთიერთობები უნდა გვქონდეს და საუკუნეობრივი ურთიერთობები არ უნდა გავწყვიტოთ...
ავტორი: ქეთი ხატიაშვილი.
გაზეთი "პრაიმტაიმი" N41(83)-ის არქივიდან 2010 წ.