ანა დოლიძე: პრეზიდენტმა ვეტო იმ კანონებს დაადო, რომელიც აუარესებს დემოკრატიის მდგომარეობას ქვეყანაში

12:27 07-24-2017
119

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ ორ კანონპროექტზე ვეტოს დადების საფუძველი გახდა პოზიცია, რომ ეს ცვლილებები აუარესებს დემოკრატიის ხარისხს ქვეყანაში. ამის შესახებ ანა დოლიძემ ჟურნალისტებს პარლამენტის ბიუროს სხდომის წინ განუცხადა. 

ანა დოლიძის თქმით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ორ საკითხს ეხება:

,, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ორ ძირითად საკითხს ეხება - პირველი თვითმმართველობის სფეროში 7 თვითმმართველი ქალაქისთვის თვითმმართველის სტატუსის ჩამორთმევას და არჩევნების სფეროში - ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება, რომელიც მმართველ გუნდს აძლევს უპირატესობას. ჩვენი აზრით, ორივე ცვლილებას გასდევს მთავარი ხაზი,რომ ეს აუარესებს დემოკრატიის მდგომარეობას ქვეყანაში და წარმოადგენს უკან შემოტრიალებას იმ მიღწევებისას, რომელიც ,,ქართულ ოცნებას" 2013-2014 წლებში ჰქონდა", - განაცხადა ანა დოლიძემ. 

 პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თქვით, იმ შემთხვევაში თუ უმრავლესობა დაძლევს ვეტოს, საზოგადოება ვეტოს დახმარებით მაინც შეძლებს გაიაზროს ინ ნეგატიური შედეგები, რაც ამ ცვლილებებს მოჰყვება. 

,, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვეტოს საშუალებით საქართველოს პარლამენტის წევრებმა, მოქალაქეებმა, რომლებიც ამ ქალაქებში ცხოვრობენ, გაიაზრონ ის ნეგატიური მნიშვნელობა, რომელიც ამ ცვლილებებს მოჰყვება", - აცხადებს ანა დოლიძე. 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებში ცვლილებებს ვეტო დაადო. კანონპროექტები მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნდა. საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის ჩატარების მოთხოვნით მიმართა. 

ამის შესახებ დღევანდელი ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„საქართველოს პრეზიდენტს დღეს მივმართავთ თხოვნით, რომ 26 ივლისს მიმდინარე კვირის ოთხშაბათს იქნეს მოწვეული პარლამენტის რიგგარეშე სხდომა“, - განაცხადა კობახიძემ.\

ავტორი: სალომე ჩადუნელი