საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის გია ვოლსკის განცხადებით, ის კანონპროექტები, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, დემოკრატიას არ ასუსტებს და ქვეყნის განვითარების ხელშემწყობია.
ამის შესახებ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს ბიუროს დასრულების შემდეგ განუცხადა.
,,განწყობა იყო, რომ ვეტო იქნებოდა დაძლეული, თუმცა როგორც შევპირდით საზოგადოებას, ჩვენ სიღრმისეულად განვიხილავთ ყველა საკითხს. ეს არ არის დაძლევა დაძლევისთვის, ისევე როგორც ვეტო ვეტოსთვის არ ყოფილა, სერიოზულად იფიქრა პრეზიდენტმა, ამ საკითხებთან დაკავშირებით პოლიტიკური პოზიცია ჩამოაყალიბა და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება ვეტოს დაძლევის შესახებ არის ყველანაირად გამართული და არა მხოლოდ პოლიტიკური. ეს არის ნაციონალური გადაწყვეტილება მიღებული იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანას გააჩნია. დემოკრატიას არათუ ასუსტებს ეს კანონები, პირით ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ხელშემწყობია. ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას, რომ დემოკრატიას რამენაირად ხელს უშლის ის გარემოება, რომ ქალაქი გავა თავისი მმართველობის საზღვრებიდან და გადაწვდება ქალაქთან მდებარე რაიონებსაც, ისე რომ მისი ფუნქციები და მოვალეობები არ შემცირდება და გაიზრდება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებში ცვლილებებს ვეტო დაადო. კანონპროექტები მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნდა. მოტივირებული შენიშვნების საკომიტეტო განხილვა სავარაუდოდ ხვალ დაიწყება. საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის 26 ივლისს ჩატარების მოთხოვნით მიმართა.