,,ყველა საკითხი, რაც დღეს პარლამენტში იხილება დაკავშირებულია არჩევნებთან", - ასე გამოეხმაურა ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე პრეზიდენტის ვეტოს.
რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლება აუარესებს საარჩევნო კოდექსს და მასში გაყალბების მექანიზმებს დებს.
,, აუარესებენ საარჩევნო კოდექსს, კრძალავენ პირდაპირი წესით ნებისმიერი თანამდებობის პირის არჩევას გარდა დეპუტატისა, ეს იქნება პრეზიდენტი თუ თვითმმართველი ქალაქის მერები. ,,ქართული ოცნება" დარწმუნებულია თავის წარუმატებლობაში და სურს ისე მოირგოს საარჩევნო კოდექსი, რომელიც მას გარკვეულ შანსებს მისცემს. ეს არის ძალადობა საზოგადოებაზე, ძალადობა კანონებზე. ყველა გადაწყვეტილება, რასაც ჩვენ ახლა ვიხილავთ მიმართულია ერთი მიზნისკენ, როგორმე ხელისუფლება შეინარჩუნონ. ასეთი რამ საქართველოში დიდი ხანია არ მომხდარა. საარჩევნო კოდექსში გაყალბების მექანიზმებს დებენ", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებში ცვლილებებს ვეტო დაადო. კანონპროექტები მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნდა. მოტივირებული შენიშვნების საკომიტეტო განხილვა სავარაუდოდ ხვალ დაიწყება. საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის 26 ივლისს ჩატარების მოთხოვნით მიმართა.