ოკუპაციის შესაჩერებლად ხვალიდან საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო პატრულირება იწყება

18:26 07-24-2017
351

ოკუპაციის შესაჩერებლად ხვალიდან საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო პატრულირება იწყება. სამოქალაქო აქტივობა რიგითი მოქალაქეების ინიციატივაა. ცნობილია, რომ აქციის მონაწილეების პატრულირება შეთანხმებულია სამართალდამცველებთან. ამ ეტაპზე პატრულირება ყარაფილა-ბერშუეთის მონაკვეთზე განხორციელდება და მასში ჩართვა ყველა მსურველს შეუძლია.

ამ ეტაპზე სულ 20 ჯგუფია შექმნილი, რომლებიც ყოველდღე დააკვირდებიან ტერიტორიებსა და საზღვრის უკანონო გადმოკვეთის შესახებ ინფორმაციას სამართალდამცველებსა და მედიის წარმომადგენლებს მიაწვდიან. ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა ახალგაზრდებს მოუწოდებს სამოქალაქო ინიციატივაში ჩაერთონ. 

გუშინ, ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტიდან 2 ადამიანი გაიტაცეს. სოფელ ბერშუეთის მკვიდრი ზაზა ბერიანიძე და სოფელ ზერტის მკვიდრი ლევან ტურაშვილი ბერშუეთთან სამების ეკლესის სიახლოვეს დააკავეს.

ორივე მათგანი ცხინვალში უკვე გადაიყვანეს. მათ ბრალად ე.წ საზღვრის უკანონო კვეთა ედებათ.

21 ივლისს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილასთან ე.წ. სასაზღვრო ბანერთან ოკუპანტებმა ხნულები გაავლეს. საოკუპაციო ხაზის ამ მონაკვეთზე, ყარაფილასთან მავთულხლართები გავლებული არ არის.

ავტორი: ლილუ მიროტაძე