ტრანსგენდერ ქალთა თემის უფლებადამცველი ორგანიზაცია — «ტრანსგენდერ ქალთა ცენტრი» მხარდაჭერას უცხადებს ახალი პოლიტიკური ცენტრის-გირჩის ინიციატივას პროსტიტუციის ლეგალიზაციის შესახებ.
"გვსურს აღვნიშნოთ, რომ ყოველი კანონი, რომელიც გამიზნულია პროსტიტუციის აღსაკვეთად თუ დასარეგულირებლად, რთულად აღსრულებადი ხდება და ზოგჯერ უკუშედეგსაც იწვევს. საქართველოს კანონმდებლობა ამ მხრივ სუსტია, ზოგადი და თითქმის არ შეცვლილა 1987 წლის შემდეგ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლის თანახმად, სექსმუშაკი ისჯება ადმინისტრაციული სახდელით: იგი იღებს გაფრთხილებას ან ჯარიმდება შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, იწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე. ეს კანონი არ ეხება მხოლოდ იმ სექსმუშაკებს, ვინც იძულებით მოხვდა პროსტიტუციაში ან ტრეფიკინგის მსხვერპლია.
მიუხედავად სახელმწიფოში არსებული კანონმდებლობის ტიპისა, სექსმუშაკების ცხოვრება იშვიათად არის დაცული და უზრუნველი, მაგრამ საქართველოს ტიპის კანონმდებლობის ან პროსტიტუციის სრული აკრძალვის შემთხვევაში მათ გაცილებით მძიმე პრობლემები ექმნებათ. არალეგალური საქმიანობის გამო, არ არსებობს რაიმე სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც მეტ-ნაკლებად გააკონტროლებს მათ უსაფრთხოებას, დაცულობას, დაეხმარება ჯანმრთელობის პრობლემების გადაწყვეტაში. როცა სექსმუშაკის საქმიანობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ თუ სისხლის სამართლის კანონდარღვევას, ის მოსალოდნელი სასჯელის შიშით მაშინაც კი არ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, როცა მის სიცოცხლეს პირდაპირი საფრთხე ემუქრება. როცა პროსტიტუცია არალეგალურია, არ ხდება ბორდელების ჰიგიენური ნორმების შემოწმება, სექსმუშაკებს არ მიუწვდებათ ხელი ჯანდაცვის უფასო სერვისებზე, და ამ შემთხვევაში გაცილებით მეტია ვენერიული დაავადებების გავრცელების რისკი. როგორც წესი, სახელმწიფოში ამგვარი, აკრძალვითი კანონმდებლობის დროს მხოლოდ არასამთავრობო და მოხალისე ორგანიზაციები მუშაობენ სექსმუშაკების ჯანმრთელობისა და ძალადობის საკითხებზე, რაც არ არის საკმარისი არსებული პრობლემების გადასაწყვეტად.
ტრანსგენდერ ქალთა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის წევრებს ობიექტურად შეაფასონ არსებული გამოწვევები და პრობლემები და მოახდინონ პროსტიტუციის ლეგალიზაცია.
ტრანსგენდერ ქალთა ცენტრი მადლობას უცხადებს გირჩი / გირცჰი-ს აღნიშნული საკითხის ინიცირებისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.